დიდგორის მონატრება
რუსული ღამე მეუფეობს –
უკუნი, ბნელი . . .
დიდგორთან ვდგავარ . . .
საქართველოს აღდგომას ველი,
აქ სიჩუმეა, ძალუმია წარსულის სუნთქვა,
აქ, ახლაც მესმის ქართულ მახვილს, რაც მტრისთვის უთქვამს.
რუსული ღამე მაუფეობს იმედმა იკლო,
ეჰ, საქართველოვ, ბასიანი, შამქორი იყო,
ხრესილი იყო,
კოხტა გორას ზღაპარი იყო,
იყო, ჰო, იყო, ყოველივე
ვაი, რომ იყო,
მამულის მთა-ბარს მოსეული ურჯულო იყოფს,
დავითი იყო,
თამარი იყო . . .
იყო, ჰო, იყო.
რუსული ღამე მეუფეობს უკუნი, ბნელი,
დიდგორთან ვდგავარ, საქართველოს აღდგომას ველი,
დიდგორთან ვდგავარ, გადამიხსნეს სული ფიქრებმა,
გვინდა დიდგორი . . .
და დიდგორიც ხვალ-ზეგ იქნება.
1972 წელი
არწივი
ღრუბლიანი დილა გათენდა:
მოწყენილია ფრინველთა მეფე -
კავკასიონის ლაღი არწივი,
და . . . უეცრად ატყდა ჩოჩქოლი,
არწივს გალიის კარი გაუღეს . . .
მაგრამ დახე საკვირველებას,
აღარ გამოდის გალიიდან,
დავიწყებია არწივობა
და ცაში ფრენა . . .
გავიდა . . .
ერთი . . .
ორი . . .
სამი დღე . . .
კვირა გავიდა,
თვე გავიდა . . .
კარი ღიაა, გალიიდან აღარ გამოდის . . .
1974 წელი
შემოდგომისპირი
ჩაიწურება მზის ცრემლი ქვევრში
და შემოდგომაც დაიწყებს ღიღინს,
ეჰ, შენ რა იცი ეს სილამაზე,
ჩემო ვანია რა ჯაფად გვიღირს.
ჯერ კი . . .
ჭრიჭინებს ჭრიჭინობელა,
გარინდებულა აგვისტოს ხვატი,
ურთხმელის ჩრდილში გაშლილ ჭილოფზე
ბებიას ძინავს ბაბუას ხათრით.
1980 წელი
სასწაული
რიონის რია, რია,
სიგრილე მოაქვს ნიავს,
ბაგრატი . . .
აგერ . . . გელათი,
ღმერთო სასწაულია!!!
მცხეთის ცას ზეთი მოსტირის,
არაგვის რია, რია,
ჯვარი და იქვე არმაზი,
ღმერთო, სასწაულია!!!
წუნდა და ზევით კუმუდო,
მტკვრის მოთქმა, რია – რია
თმოგვი, და . . .
იქვე ვარძია,
ღმერთო, სასწაულია!!!
1976 წელი
ლამაზი სურვილი
ვინ ამისრულებს ერთ პატარა და ლამაზ სურვილს?!
ხანძთასთან მივწვე . . . და . . .
ლამაზად დავლიო სული . . .
ვინ შემისრულებს . . .
ერთ უცნაურ და სურვილს წმინდას ! ! !
თუ სიკვდილია ტაოსკართან დავეცე მინდა!
ვინ ამისრულებს ერთ უცნაურ და ლამაზ სურვილს!
შატბერდთან მივწვე და . . . ლამაზად დავლიო სული . . .
1968 წელი
1 2 3 4 5

