ნინოობა ჰერეთში
ჰერეთში, საქართველოს უძველეს ტერიტორიაზე მცხოვრები, სამშობლოს საზღვარს მიღმა დარჩენილი თანამემამულეები მიუხედავად ავბედითი წინააღმდეგობებისა დღემდე იცავენ უძველეს ტრადიციებს და მართმადიდებლურ სარწმუნოებას. მათი ზრუნვის, მონდომებისა და დიდი ძალისხმევის შედეგია სწორედ საუკუნეების მანძილზე წირვა-ლოცვის გარეშე დარჩენილი თამარისა და დავითის მიერ აგებული მართმადიდებლური ტაძრების აღდგენა. 2011 წლის 1-ლი ივნისის ნინოობა, ამ მხრივ გამორჩეულია, რადგან უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, სოფელ ალიბეგლოში (კახის რაიონი) მეცხრამეტე საუკუნეში, 1971 წელს აგებული, მოგვიანებით კი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ საწყობად ქცეული წმ. ნინოს ტაძარი აღდგა. ამ მიზნის მიღწევას სოფლის მცხოვრები ქართველები წლების მანძილზე ცდილობდნენ. XXI საუკუნის პირველი ნახევრიდან ნინოობაზე მრევლმა ტაძარში მისვლა და სანთლების ანთება დაიწყო. აზერბაიჯანის იურისდიქციაში მყოფმა ქართველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქრისტიანული თემი” შექმნა, რომლის წყალობითაც საუკუნეების ოცნებას – ტაძრის აღდგენას მოციქულთა სწორის წმ. ნინოს დრესასწაულზე ხორცი შეესხა. წირვა-ლოცვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა, მამა ბასილ გიგოლაშვილმა და სხვა სასულიერო პირებმა აღავლინეს. საზეიმო წირვა მეუფემ ქადაგებით დაასრულა: ,,დიდი მადლი ტრიალებს, ის წინაპრები და დიდი ქართველები რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, ზეცაში ხარობენ, ჩვენთან ერთად დღესასწაულობენ ამ დღეს, რომელიც არის გამაერთიანებელი ქართველთა. წმინდა ნინომ ქრისტიანობა იქადაგა, მისი ლოცვითა და ვაზის ჯვრით შეიმუსრა კერპები ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. ღმერთმა მისცა ჩვენს ერს ძალა, რომ დაიცვას თავი და ჯვრით შეიმუსროს ქართველთა ხილული და უხილავი მტერი”.
ქართულ მიწაზე, სოფელ ალიბეგლოში ეს მეორე მოქმედი ტაძარია, სადაც უფლის წყალობით ყოველ კვირას წირვა-ლოცვა უფლის სადიდებელ-სავედრებელი გალობით ჩატარდება.
მრევლით სავსე ტაძარი სულგანაბული და მომავლის იმედით სავსე თვალებით ისმენდა წირვასა და სადღესასწაულო ქადაგებას. ისტორიული მნიშვნელობის დღე ზეიმით გაგრძელდა. ერთად შეკრებილმა ,,საინგილოს" მოსახლეობამ სტუმრებს ქართული ცეკვებითა და ხალხური სიმღერებით უმასპინძლა. თითოეულ მათგანში ქართული გენი და სიამაყე იგრძნობა, სიამაყე იმისა, რომ ისინი საქართველოს შვილები არიან.

