CURAMEDIANA ჰომეოპათია და ქართული ტრადიციული მედიცინა.

ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპები

ჰომეოპათიას ოთხი ძირითადი პრინციპი გააჩნია:

  1. წამლების ჯანმრთელ ადამიანებზე გამოცდა;
  2. ინდივიდუალური მიდგომა ავადმყოფის მკურნალობისას;
  3. წამლის მინიმალური დოზით გამოყენება;
  4. წამლების პოტენცირების წესით დამზადება.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ წამლების ჯანმრთელ ადამიანებზე გამოცდის პრინციპი ჰომეოპათიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. გარდა ამისა, ჰომეოპათია ეყრდნობა ტოქსიკოლოგიის მონაცემებს და წამლებით ავადმყოფთა მკურნალობისას მიღებულ შედეგებს. ინდივიდუალური მკურნალობის პრინციპი გამომდინარეობს მსგავსების კანონიდან.

წამლების პერსონოტროპული მოქმედების გამოვლენა ჰანემანის მოძღვრების კიდევ ერთი ბრწყინვალე მიღწევაა. ჰომეოპათია მკურნალობს ავადმყოფს მთლიანობაში და არა ცალკეულ დაავადებას. იგი ავლენს მედიცინაში ვიწრო სპეციალიზაციის სუსტ მხარეებს, როდესაც ავადმყოფს მკურნალობენ ნაწილ-ნაწილ, ორგანოების მიხედვით, მისი ობიექტური და სუბიექტური რეაქციების ერთიანობაზე დაკვირვების და გათვალისწინების გარეშე, ამიტომ თერაპიაში ინდივიდუალური მიდგომის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება მომავალში პერსპექტიული ამოცანაა.

მინიმალური დოზის პრინციპი წარმოიშვა იმ გარემოების გამო, რომ ჰომეოპათიური წესით მკურნალობისას წამლები იწვევენ ავადმყოფის მდგომარეობის პირველად გამწვავებას. ამ გამწვავების თავიდან აცილების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ჰანემანი და მისი მიმდევრები იძულებულნი იყვნენ, რომ დაეწყოთ წამლის დოზების შემცირება. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მცირეა წამლის დოზა, მით უფრო უკეთესია მკურნალობით მიღწეული შედეგიც.

წამლების დოზის შემცირებას ჰანემანი მათი გაზავებით აღწევდა. ჯერ ის 1:9, შემდეგ კი 1:99 პროპორციებით რამოდენიმეჯერ აზავებდა წამალს სპირტით. თუ დოზა მაინც დიდი აღმოჩნდებოდა, ეს პროცესი გრძელდებოდა. ჰანემანი დააკვირდა, რომ მრავალჯერადი გაზავების შემდეგაც წამალი ინარჩუნებდა თავის სამკურნალო თვისებებს. თუ ყოველი გაზავების შემდეგ ხსნარი ინტენსიურად – 10-30 ჯერ იქნებოდა შენჯღრეული, იგი ღებულობდა საკმაოდ მაღალ გაზავებებს, როცა ფიზიკის და ქიმიის ყველა დღეისათვის ცნობილი კანონის მიხედვით საწყისი ნივთიერებიდან თითქმის არავითარი მოლეკულა აღარ უნდა დარჩენილიყო აღმოაჩინა, რომ სამკურნალო ძალა წამალს დაკარგვის მაგიერ, მკვეთრად ემატებოდა. ამ პროცესს შემდგომში „პოტენცირება“, ანუ „დინამიზაცია“ ეწოდა.

არის ასეთი მიმართულებები მედიცინაში, რომლებიც აღიარებენ მსგავსების კანონს, ან პოტენცირების პრინციპს, მაგრამ უარს ამბობენ იმ უდიდეს ექსპერიმენტულ ნაწილზე, რომელიც ჰომეოპათიის პირველი პრინციპიდან გამომდინარეობს და სწორედ ამიტომ ვერ იცავენ ინდივიდუალური მკურნალობის მოთხოვნებს. მაგალითად, ხშირად ჰომეოპათიას ნატუროპათიასთან, ან ანტროპოსოფიულ მედიცინასთან აიგივებენ, მაშინ როდესაც ჰომეოპათია მათგან სრულიად განსხვავებული მედიცინაა.

ჰომეოპათიური კონსტიტუციური ტიპები

ჰომეოპათიაში არსებობს ე.წ. კონსტიტუციური ტიპები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებების მიმართ და ადამიანის ემოციები და მის ორგანიზმში განვითარებული დაავადებები კავშირშია ერთმანეთთან. წარმოგიდგენთ კიდევ ორ კონსტიტუციურ ტიპს, რომლებშიც შესაძლოა თქვენი თავი ან თქვენი ახლობელი ამოიცნოთ.

P U L S A T I L L A

Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით. ისინი გაღიზიანებულნი და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით, უყვართ გამუდმებით წუწუნი. Pulsatilla თავისი ემოციურობით წააგავს Ignatia–ს, მაგრამ ამ უკანასკნელი ტიპის ქალებისაგან განსხვავებით, მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან. ამ ქალებისათვის დამახასიათებელია მფრინავი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რომელიც მუდმივად გადადის ადგილიდან ადგილზე. მართალია, მათ ვნებთ ცივი ამინდი, მაგრამ მუდმივად ეძებენ გრილ, სუფთა ჰაერს, უყვართ სეირნობა და მიუხედავად პირის სიმშრალისა, არასოდეს სწყურიათ. მათი ჩივილები მსუბუქდება მოძრაობით და უარესდება შუაღამისკენ. სხვა მუდმივი სიმპტომია გემოვნების და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. Pulsatilla–ს პრეპარატი მაღალეფექტურია გინეკოლოგიური პრობლემების, ქრონიკული ვენური სტაზის და სახსრების დაავადებების, თვალის ანთებების და შიგა და გარეთა ყურის სხვადასხვა დაავადებებათა სამკურნალოდ.

C H A M O M I L L A

Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია. ისინი საოცრად უხეშნი, უკმეხნი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. ხასიათით ხულიგანს გვაგონებს, უყვარს გინება და მუშტების მოღერება. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა – პატარა განაკაწრსაც კი ისინი სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს, რაც აუტანელია მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც. როგორც წესი, ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში გადატანილი სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო.თუმცა, Chamomilla-ს ტიპს ხშირად ვაწყდებით ბავშვებშიც. ამ ტიპის ადამიანებს აწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი გამთენიისას; როგორც Sulphur- ს და Pulsatilla -ს, აწუხებთ ქუსლებსა და ტერფებში წვის შეგრძნება. მათი ტკივილი უარესდება სითბოსაგან, მაგრამ სიცივე არ იწვევს შვებას, ჭამა და სმა იწვევს ოფლიანობას. Chamomilla -ს ტიპისთვის ყველაზე დამახასიათებელია ნებისმიერი აგზნების შედეგად ცალი ლოყას გაწითლდება მაშინ, როცა მეორე ფერმკრთალია. Chamomilla-ს საშუალება ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის, მუცლის და კბილის ტკივილის და ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ; მას შეუძლია დააწყნაროს ბავშვები და შეუმსუბუქოს ტკივილი, რომელიც ახლავს კბილების ამოჭრას.