ადამიანის ბიოჰოლოგრაფიული მოდელი

ჰომეოპათიური მკურნალობის მეცნიერული დასაბუთება დაკავშირებულია ადამიანის შესახებ ცოდნის მნიშვნელოვან გაფართოებასა და გაღრმავებასთან. იგულისხმება ცოდნის არამარტო რაოდენობრივად ზრდა, როგორც ეს მეცნიერთა უმრავლესობას წარმოუდგენია, არამედ ხარისხობრივი გადაწყობა.

ადამიანის და ბუნების შესახებ ბოლო XX საუკუნეებში შეძენილი ცოდნა – წარმოდგენა არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად. მაგალითად, კვანტური მექანიკა ალბათობის თეორიაზეა აგებული. ფიზიკაში რჩება ბევრი ამოუხსნელი პარადოქსი; მედიცინაში ამოუხსნელია ჰომეოპათიური და რიგი სხვა ადაპტაციური თერაპიის შედეგები, მათ შორის – ფსიქოთერაპიაც; ბიოლოგია ჯერ კიდევ ვერ ხსნის, თუ როგორ ვითარდება ერთუჯრედოვანი საწყისი ფორმიდან ადამიანის ურთულესი სივრცული ორგანიზაცია. რა მართვავს ემბრიოგენეზს, რეპარაციას? საკმარისი არ არის ვამტკიცოთ, რომ ყველაფერი გენებშია ჩაწერილი. გენი – არქიტექტურული პროექტია; ცილები, ცხიმები, მიკროელემენტები და ა.შ. – სამშენებლო მასალა. მშენებელი კი ვინ არის? ნუთუ სახლის ასაშენებლად მხოლოდ პროექტი და მასალაა საჭირო?

შეიძლება თვითრეგულირებადი და თვითორგანიზებადი სისტემა სივრცული ორგანიზაციის მთლიანი კონტროლის და რეგულაციის გარეშე არსებობდეს? ეს ბიოლოგიის ჯერჯერობით ამოუხსნელი პრობლემაა. მის ამოხსნასთან ბევრად არის დაკავშირებული ჰომეოპათიის მეცნიერული დასაბუთება, ვინაიდან ჰომეოათია ზემოქმედებს მთლიანობაზე, რომელიც უდავოდ არსებობს, მაგრამ თანაც ვითომც არ არსებობს, რადგან მეცნიერებაში არ არის შემუშავებული თეორია მთლიანობის კონტროლის შესახებ.

რა სამწუხაროა, როდესაც ქილერების და მაგების უდიდესი კრიტიკოსი ვოლკენშტეინი თავის ბიოფიზიკის სახელმძღვანელოში ემბრიოგენეზის და მორფოგენეზის რეგულაციის საკითხებზე საუბრისას შეგნებულად გაურბის ყველა არსებული თეორიის განხილვას. ის მოიხსენიებს მხოლოდ ქიმიური გრადიენტების მოდელს და გაკვრითაც კი არ ეხება ბიოფიზიკოს გურვიჩის თეორიას.

პროფესორი გურვიჩი ჯერ კიდევ 1922 წელს მივიდა იმ აზრამდე, რომ მიტოგენეზის დროს უჯრედს გამოსხივება არ გააჩნია. მან თავისი ჰიპოტეზა ექსპერიმენტულად დაამტკიცა. შემდგომში შექმნა მათემატიკური მოდელი ემბრიონალური ველისა. 1944 წელს მეცნიერმა გააერთიანა ,,მიტოგენეზური გამოსხივების" და ,,ემბრიონალური ველის" თეორიები ერთიან ,,ბიოლოგიური ველის" თეორიაში.

ადამიანის ,,ბიოჰოლოგრაფიული" მოდელი არის გურვიჩის თეორიების გაგრძელება. ის აერთიანებს ამ თეორიებს ამერიკელი ფსიქოფიზიოლოგების პრიბრამის და ვესტლაიკის ,,ნეიროფოლოგრაფიულ" მოდელთან.

,,ნეიროფოლოგრაფიული" მოდელი ამტკიცებს, რომ ადამიანის აზროვნება, მახსოვრობა და სხვა ფსიქოლოგიური მოვლენები ხორციელდება არა თავის ტვინის სტრუქტურის დონეზე, არამედ ველის დონეზე, რომელიც ტვინთან ჰოლოგრაფიულ დამოკიდებულებაშია. ,,ნეიროფოლოგრაფიული" მოდელი დღეისათვის ერთადერთია ფსიქოფიზიოლოგიური მოდელებიდან, რომელიც მათემატიკურად არის დასაბუთებული.

ჰოლოგრაფიას, როგორც ფიზიკურ მოვლენას ბიოლოგიურ და სამედიცინო აზროვნებაში ჯერ სათანადო ადგილი არ მოუპოვებია. ფიზიკურ-მათემეტიკური თვალსაზრისით ის მხოლოდ ბოლო ორ ათეულ წელიწადში იქნა კარგად შესწავლილი. ჰოლოგრაფიული სურათის გადაღება ხდება ფოტოფირზე, რომელზეც აღიბეჭდება ორი მონოქრომატული გამოსხივების გადაკვეთით მიღებული ინტერფერენციული სურათი. ერთი გამოსხივება მოდის სინათლის წყაროდან, მეორე კი აღიტყორცნება გადასაღები ობიექტიდან. ფირის გამომჟღავნების შემდგომ მის უკან განათებისას მოჩანს ობიექტის სივრცული გამოსახულება.

ჰოლოგრაფიული პროცესის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ფირს დავჭრით და მის ერთ-ერთ ჩამოჭრილ ნაწილს დავაშუქებთ სინათლეს, ობიექტი მაინც მთლიანად გამოჩნდება. რაც მცირეა ფოტოფირის ნაწილი, მით უფრო არამკაფიო იქნება მისი გამოსახულება, მაგრამ გადაღებული ობიექტის დანაწილება არ ხდება, ამ მოვლენას ეწოდება ჰოლოგრაფიული განაწილება. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ნაწილში არის ინფორმაცია მთლიანობაზე, ისევე, როგორც მთლიანობაში არის ინფორმაცია ყოველ ნაწილზე. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვ.პუშკინი აღნიშნავს, რომ ჰოლოგრაფიული განაწილება კარგად ხსნის წინაამღდეგობას პავლოვის `ლოკალიზაციონიზმის~ და ლეშლის ,,განაწილების" პრინციპებს შორის ნეიროფიზიოლოგიაში. ფუნქცია თავის ტვინში ერთდროულად ლოკალიზებულიცაა და განაწილებულიც. ჰოლოგრაფიული განაწილება ტვინის ფუნქციების პლასტიკურ თვისებათა ახსნის კარგ საშუალებას იძლევა. და ბოლოს, ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერა ყველაზე უფრო ტევადია იმათ შორის, რაც კი ჯერჯერობით ცნობილია ფიზიკაში. გასაკვირი იქნებოდა, რომ ბიოლოგიური სისტემები ამ მოვლენას არ იყენებდნენ.

ჰოლოგრაფიული სტრუქტურულველოვანი დამოკიდებულებები არა მარტო თავის ტვინის ფუნქციონირებაში მონაწილეობს – ჩვენ ამ მოვლენის მკაფიო ანაბეჭდებს ადამიანის მთელ ორგანიზმში ვუყურებთ. მაგალითად, ჩინური აკუპუნქტურული წერტილები, ირიდოდიაგნოსტიკა, აურიკულოდიაგნოსტიკა და სხვა – ორგანიზმის მთლიანობა, თავისი ნაწილებით წარმოდგენილია თვალის ფერადოვან გარსზე, ყურის ნიჟარაზე, ხელის და ფეხის ფერადოვან გულებზე, ენაზე და სხეულის მრავალ სხვა ადგილზე. რას ნიშნავს ეს, თუ არა ჰოლოგრაფიულ განაწილებას?

მაშასადამე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმი ,,ბიოჰოლოგრაფიული" მექანიზმებით აკონტროლებს თავის მთლიანობას, მართავს მორფოგენეზის პროცესებს, ბიორითმებს და რა თქმა უნდა, ალბათ, ქსოვილების პათოლოგიურ გარდაქმნასაც. მთლიანი კონტროლის განხორციელება ცოცხალი ორგანიზმებისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. როგორც სჩანს ჯანმრთელობის და ავადმყოფობის საკითხები უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ორგანიზმის მიერ თავის თავზე, როგორც სივრცულ მთლიანობაზე ერთიანი კონტროლის განხორციელებასთან.

"ბიოჰოლოგრაფიული" მოდელიდან გამომდინარეობს ჯანმრთელობის, დაავადების და ადაპტაციის განმარტებები.

ჯანმრთელობა არის ორგანიზმის დინამიური წონასწორობითი მდგომარეობა, როდესაც ის თავის თავში სრულფასოვნად ახორციელებს მთლიან კონტროლს.

დაავადება - მთლიანი კონტროლის დაკარგვაზე ორგანიზმის თვითდაცვითი რეაქციაა.

ადაპტაცია - ორგანიზმის თვითდაცვითი რეაქციაა, მიმართული მთლიანი კონტროლის შენარჩუნებაზე.

თუ გარემოს, ან შინაგანი ფაქტორების გამო ირღვევა ორგანიზმში მთლიანი კონტროლი, ადაპტაციას ცვლის დაავადება (ასევე თვითდაცვითი რეაქცია), მიმართული მთლიანი კონტროლის აღდგენისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზმმა შეიძლება თვითონვე განწიროს სხეულის ნაწილი, რათა დარჩენილ ჯანსაღ ნაწილებში ერთიანი კონტროლი განახორციელოს. თუ მიაღწია მიზანს, ქსოვილების პათოლოგიური გარდაქმნა (პათოგენეზი) ჩერდება, დარღვეული ფუნქციის აღდგენის მიზნით კომპენსატორული პროცესები გრძელდება, მიიღწევა გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი კონტროლის აღდგენა ვერ ხდება, პათოგენეზი ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს და კომპენსატორული ძალები ვერ ასწრებენ დარღვეულ ფუნქციებზე დროულ რეაქციას. პათოლოგიური პროცესები ქრონიკულ ხასიათს ღებულობენ, ხოლო ქრონიკული დაავადებების დროს მთლიანი კონტროლის აღდგენის პროცესი ბლოკირებულია, ამის გამო ქსოვილების პათოლოგიური გარდაქმნა არ ჩერდება, თუმცა მიმდინარეობს ნაკლებ ინტენსიურად. კომპენსატორული პროცესების რეზერვები თითქმის ამოწურულია და ალტერნატიულ პროცესებს ხშირად ვერ უსწრებს წინ.

სავარაუდოა, რომ მაღალ პოტენცირებული ჰომეოპათიური პრეპარატები ცვლიან დაავადებული ორგანიზმის ჰოლოგრაფიულ, მთლიან ფორმას, ავსებენ მის დეფექტებს, რითაც მიიღწევა ფიზიკურ და ჰოლოგრაფიულ ფორმებს შორის შესაბამისობის აღდგენა. შედეგად, ორგანიზმი უფრო სწრაფად იბრუნებს ერთიან კონტროლს, ე.ი. აჩერებს ქსოვილების პათოლოგიურ გარდაქმნას და იწყებს აღდგენას.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ ქართული ენის საოცარი სიბრძნე. სიტყვა ,,ჯანმრთელობა" შედგება ორი ნაწილისაგან ,,ჯანი" და ,,მრთელი" (მთელი). ე.ი. ქართველი კაცის აზროვნება პრეისტორიულ ხანაში მისულა იმ აზრამდე, რომ ადამიანის სიჯანსაღე მთელი მისი ორგანიზმის, როგორც მთლიანობის, სიმრთელესთანაა დაკავშირებული და სრულად უნდა მოიცავდეს სხეულს. ეს მიხვედრა აისახა ენის ქმნადობისას მის ლექსიკონში.