ქართველ ერს უძველესი თვითმყოფადი სამედიცინო კულტურა და ტრადიციები გააჩნია. საქართველოში, ამ უძველესი კულტურის ქვეყანაში, სამედიცინო ხელოვნება ყოველთვის ეპოქის მოთხოვნილებათა დონეზე ყოფილა და ჩვენს ქვეყანას უაღრესად მრავალფეროვანი სამედიცინო კულტურა ჩამოუყალიბებია. ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.
ანტიკური ხანის ქართულმა მედიცინამ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება.
პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.
სამედიცინო საქმიანობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და მითოლოგიური მასალის გაცნობა-შესწავლა. პირველყოფილი თემური წყობილების მედიცინა არ იყო მოკლებული რაციონალურ საფუძველს, რასაც გათხრების გარდა ადასტურებს ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, კერძოდ, "ამირანიანი" და "ხოგაის მინდია".
აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკასა" და საერთოდ კოლხეთსა და მედეაზე არსებულ ბერძნულ-რომაულ თქმულებებსა და მხატვრულ-ისტორიულ ნაწარმოებებში ასახულია ქართულ მედიცინასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტები. მათი შესწავლა, ცალკეული ფრაგმენტების ანალიზი ქართული მედიცინის ისტორიის ამ შორეული საუკუნეების გარკვეულ სურათს ქმნიან. კოლხიდა ისეთ ქვეყნადაა დასურათებული, სადაც სამედიცინო საქმიანობა და ცოდნა ემყარებოდა ახალ აღმოჩენებს, ცდებს, მცენარეთა სამკურნალო თვისებათა გამოვლინებას, შხამებსა და სამკურნალო საშუალებებზე დაკვირვებას. ლეგენდაში მედეა წარმოდგენილია, როგორც უაღრესად განსწავლული სამკურნალო ხელოვნებაში. ბერძნული წყაროების მიხედვით, მედეას დედამ და დამ ასწავლეს მკურნალობის ხელოვნება. აიეტის ცოლის ჰეკატეს ბაღში, რომელიც მდ. ფაზისის დაბლობში ყოფილა გაშენებული 40-მდე სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. მედეას სახელს უკავშირებენ ისეთ სამედიცინო-ბიოლოგიური ცნებებს, როგორიცაა "გაახალგაზრდავება" და "სისხლის გადასხმა". ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკურნალადაც გვევლინება. მედეას სახელთან დაკავშირებელი სამედიცინო საქმიანობა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია "CURA MEDIANA"- ს სახელწოდებით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს იდეები ჩაისახა, სამედიცინო-პრაქტიკული საქმიანობა არ შეიძლება მაღალ დონეზე არ მდგარიყო.

