• სახელი:
  • პაროლი:

Homeophathy and Georgien Traditional Medicine » siaxleebi » ირაკლი ვაშაყმაძის პოეზია

ირაკლი ვაშაყმაძის პოეზია

ავტორი: Nino 18-04-2011, 15:35

  ერწო,  რიწა ირაკლი ვაშაყმაძის პოეზია
                  

    უფლის ცრემლი, ორი ცრემლი
ამერს - ერწო, იმერს რიწა,
ელავს ბოროტების ცელი,
გმინავს მაცხოვარის მიწა.
    სისხლის თქეშში აკვანივით
გადაირწა, გადმოირწა,
უფლის ცრემლი - ერწო,  რიწა,
საქართველოს დედამიწა.
    მოდის მტერი, სახელს მარქმევს,
მონათლულს და სახელიანს,
თითქოს გუშინ დავიბადე,
თვალი ჯერ არ ამხელია.
   მოდის ეშმა,  თოვლის კაცი,
ეს რა ქარიშხლები ქრიან,
დედა ღვთისას ნათლული ვარ
მე ხომ საქართველო მქვია.
 
              14. IX. 2004 წელი


                    ვედრება


,,იღვიძებდით  უკუე  ყოველსა  ჟამსა  და  ევედრებოდეთ"

                       
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და
უნეტარესს ილია მეორეს
 
         ჟამის ჟამს ფრენდი ლაჟვარდებში მაცხოვრის ნებით,
      ღვთისმშობლის მადლი, ზეციერი ეფინა მთა-ბარს,
      ზრდიდი ფარნავზს, ვახტანგს ზრდიდი დალოცვილ ხელით,
      აღმაშენებელს, დავითს ზრდიდი, შენ, ზრდიდი თამარს.
            შენ, არასოდეს არ გშვენოდა სამოსი ფლიდის,
       მღვიძარე გონით მოაქცევდი ბოროტს და მზაკვარს,
       შენ, რუსთაველის, ჭავჭავაძის სახებას ქმნიდი,
        შენ, ბარათაშვილს, გალაკტიონს ურწევდი აკვანს.
              სამების ზართა ჩამოისმის ღვთიური ხმანი,
        კვლავ შეგვიწყალე, ვით ბასიანს, შამქორს გვწყალობდი,
        კვლავ გვაპოვნინე დაკარგული დავითის ხმალი,
        აგვიგალობე სიცოცხლის და პირის წყარონი.
               ჟამის ჟამია, სისხლიანი გრიგალი მძლავრობს,
         სულს კაწრავს ჩხავილ-ყრანტალი ყორნის,
         კვლავ გაგვიცოცხლე სიყვარულის დამშრალი წყარო,
         მოგვმადლე ძალი დიდგორთან  დგომის!

                                                          
                                          14 თებერვალი 2002 წ.

 

                 ცრემლებიანი ავტობუსი

დამჭკნარ ფოთლებად ჰკიდია ხეებს,
ქარსიცხიანი აგვისტოს ხვატი,
იტრიის მკერდზე ზაფხულს თოვლი დაუკორტნია,
სისხლის და ცრემლის დელგმა-თქეშში
ძლივსღა მოსჩანს სახება შენი.
ქარსიცხიანი აგვისტოს ხვატი,
დამჭკნარ ფოთლებად ჰკიდია ხეებს,
`წყარო დამიშრა ცრემლის და სევდის~,
დედის მომესმის შორიდან კვნესა,
როკავს აგვისტო . . .
ქარსიცხე ბორგავს.
ზოგი ტირის . . .
ზოგი სლუკუნებს,
და ზოგიც მოთქვამს . . .
ავტობუსი კი . . .
ოხრავს და მიჰქრის . . .
ჩემს წინ ზის დედა ორი ბოკვერით,
პატარა ბიჭებს გაუმართავთ ძუძუსთვის ომი _
არა ჩემი და არა ჩემიო,
ძუძუსთვის იბრძვის ორი ბოკვერი . . .
_ ამხელა კაცებს გამაგებინეთ რად გინდათ ძუძუ?
დატუქსა ჩუმად დედამ ბიჭები . . .
_ რა გატირებთ ანგელოზებო!
წყნარად, თორემ ყველას ძირს ჩაგსვამთ . . .
მძღოლის სიტყვებზე იმატა მოთქმამ,
ამშვიდებენ დედები შვილებს,
მამები – დედებს . . .
_ ბავშვს რძე, რძე უნდა,
დედის ტკბილი რძე,
მე მოთქმისგან გამიშრა ძუძუ . . .
_ ჩემი კი მწარე გახდა შხამივით . . .
ტირის და მოთქვამს ავტობუსი,
ტირის და ტირის.
მოულოდნელად ავტობუსი დამუხრუჭდა და . . .
წამით მიწყნარდა კვნესა, მოთქმა, ალიაქოთი,
გაიღო კარი,
ამოვიდა თეთრი, თეთრი ქათქათა ქალი,
ჭორფლიანი პატარა ბიჭით,
მკერდი კაბიდან ამოფრენილა,
მტირალა ბავშვებს გადახედა
ჭორფლიანმა პატარა ბიჭმა,
მერე ავტობუსს მოავლო თვალი,
საიდანღაც სათამაშო ავტომატი ამოიძრო და . . .
ააკაკანა,
დაუტატანა ავტომატი უკლებლივ ყველას,
ბავშვები ტირის, ატყდა ვაი-უშველებელი,
მძღოლმა ქალი გვერდით მოისვა,
ხელი მოხვია, დაუსტვინა . . . და აჟიჟმატდა,
ნელა დაიძრა ავტობუსი, მოთქმა-გოდებით,
აკაკანებს და ატატანებს ჭორფლიანი ბიჭი ავტომატს,
ვერაფერს ვერ ეუბნებიან,
ბოლოს მოსწყინდა, ჭორფლიან ბიჭს ავტომატის ტატან-კაკანი,
ქორფა დედიკოს ლამაზ მუხლებზე წამოუსკუპდა . . .
გახედა მინდვრებს, ქართლის მინდვრებს . . .
და წაიმღერა -
_ პოლე, პოლე, რუსკოე პოლე . . .
. . . და როგორც იქნა იკლო ტირილმა
მოთქმამ, ხორხოცმა,
დაღალულ ბავშვებს ანგელოზები დაასხდნენ მხრებზე,
უკან, სულ უკან იავნანას უმღეღის დედა
კიკინებიან პატარა გოგოს,
აი, ჩემს გვერდით პატარას ძინავს,
იღიმება ღვთიურ ღიმილით,
თვლემს ავტობუსი . . .
მეც სიზმარეთის ლამაზ კორდზე წამოვდე თავი,
იადონი დამაჯდა მკერდზე,
ავტობუსი მიფრინავს ცაში,
ვცურავ, ვნეტარებ იისფერ ნისლში,
ვცურავ, ვნეტარებ,
და აი, ამ დროს, მესმის ბღავილი,
გახარებული, აღტაცებული ბიჭის ბღავილი,
_ მამოჩკა, მამა,
_ მამოჩკა, მამა, სმატრიტე ტანკი,
_ სმატრიტე ტანკი, სმატრიტე ტანკი,
გახარებული ჭორფლიანი რუსის ბიჭუნა
მიაფრინდა საქარე მინას,
მერე მოავლო ავტობუსს თვალი,
ავტომატი აატატან-დაატატანა,
`პასმატრი ტანკი~, `პასმატრი ტანკი~,
რუსის ბიჭუნამ სიხარულის შეისხა ფრთები,
ახლა ბიჭუნა გაფრინდა ცაში,
გაოგნებულმა ავტობუსმა მორთო ტირილი . . .
ტირიან მოთქმით,
ტირიან ცრემლით – დედიკო, დედა,
გავხედე ფერდობს – ტანკებით სავსე ეშელონი მიიზლაზნება,
ელმავლის ცივმა შეკივლებამ შთანთქა ხორხოცი დედათა, ბავშვთა,
ატატანებს და აკაკანებს ბიჭი ავტომატს,
`ტანკი მამა, მამოჩკა ტანკი~,
არ შემხვედრია, არ მინახავს ცოდვილ მიწაზე
ბავშვი ასე გახარებული,
ეს სიხარული ეყოფოდა ალბათ მთელ რუსეთს,
იარაღასხმულს, შეჯავშნულს და უკიდეგანოს . . .
აგვისტოს ხვატი ქარსიცხიანი,
დამჭკნარ ფოთლებად ჰკიდია ხეებს,
`დამიშრა წყარო სევდის და ცრემლის~ _
თვალცრემლიანის მომესმა კვნესა . . .
მღვრიე ფერებად მღერის მინდვრებზე,
ქარსიცხიანი აგვისტოს ხვატი,
აჰა, გამოჩნდა ჯვარი და მცხეთა,
მამულო, შენი სახე და ხატი . . .

                                  27 ივლისი 1996 წელი

          გადასხვაფერდა ყოველი


გადასხვაფერდა ყოველი,
ქართველი არ ჰგავს ქართველს . . .
და . . . აი . . . ვიღაც აფსუა,
ჩემს ძველ აფხაზეთს მართმევს . . .

აფხაზი აფხაზს არა ჰგავს,
ქართველი არ ჰგავს ქართველს,
ლიახვისა და ქსნის მინდვრებს,
ოსი ჯაყოი გვართმევს.

ქვემო ქართლს მუმლი ეხვევა,
ვაი არწივის მართვეთ,
რუსთველის მესხეთ-ჯავახეთს,
სომეხ თათარი მართმევს . . .

ღმერთო, მოგვმადლე გაძლება! . . .
და . . . ქართველობა ქართველს,
თორემ ყვავს არწივს ვეძახით,
ყვავის ბახალას – მართვეს.


                          1974 წელი

        დავითის ლანდი თბილისთან


დაჰყურებ ბნელში ჩამარხულ ქალაქს,
გორგასლის ქალაქს შურით დასეტყვილს,
ღამეა . . .
ღამე ყველაფერს მალავს . . .
მეფეთ-მეფეო მოყვასს რას ეტყვი?
        ანდა სადაა მოყვასი იგი,
        საქართველოზე მლოცველი ხალხი
        სალაფავს ეძებს ცოცხალი რიგი,
        გვახურავს ზეცა უმზეო, თალხი.
    ათასი რჯულის მოსისხლეს ახლა,
თაყვანს ვცემთ . . .
დავგმეთ ჯვარი, საყდარი,
ნებივრობს სულში წითელი მახრა,
არ გაგვაჩნია ცა საკუთარი,
წითელმა მახრამ მამული ახრა,
აახმო ვაზი – ნაძვნარ-მუხნარი,
დანგრეულია დედის კერია,
დანგრეულია მამის ბუხარი . . .
ღამეა . . .
ბნელი ყველაფერს მალავს . . .
მეფეთ-მეფეო მოყვასს რას ეტყვი???

                                                         1971 წელი


             ნათელი გაზაფხულისა

           გამომეცხადე – მინდორ-ქედები,
           შენი თითებით გადაიქარგა,
           ისევ აქ ხარობს ის სიყვარული
           თუ ... ცხრა მთას იქით გადაიკარგა?!

                    გამკვირვებია მამადავითზე,
                  დავითის წყარო თუ რამ დაწრიტა!
                  იმერ-ამერში ნათობს უფლის მზე,
                  მადლად იღვრები შენ ამ ტაძრიდან.
                    მომშვენიერდი...
                    გამშვენიერდა,
                    აქ, შავნაბადა,
                    იქით, მთაწმინდა.
               
                                   30 იანვარი 2002

              ა ლ ბ ა თ

                    მგალობელ  დებს

    შემოდგომამ ოქროს ფრთები,
მთაწმინდაზე გაშალა,
დავით გარეჯელის წყარო,
აღარ გალობს, დამშრალა . . .
ორი დღეა ცრის . . .  და  . . .  აწვიმს,
ფოთლებს ბაღში მოფენილს,
ალბათ, მალე გავაცილებთ,
მერცხლებს მარტში მოფრენილს,
წვიმს და . . .  ალბათ, აცივდება,
მწვანე ფერიც ხუნდება,
ალბათ ჩამოგვიზამრთდება . . .
მერე . . .   გაზაფხულდება . . .
ალბათ, წყაროც იგალობებს,
ცისფერი კელაპტრებით,
ალბათ, იაც გვესტუმრება,
ალბათ, მომენატრები . . .

          12 ნოემბერი,  1998 წელი

ბულბულის  ცრემლი

     ბულბულმა უთხრა ყვავსაო:
_ რასა  ჩხავიხარ რასაო!
_ დახე! Bბულბული რომ ვიყო,
  არც შევბედავდი ცასაო,
  როცა სიმღერა არ იცი,
  უნდა უსმინო სხვასაო . . .
  აცრემლებული გაუყვა,
  ბულბული თავის გზასაო . . .

                                       1969 წელი

 

 

 

    ნ ი ნ ო წ მ ი ნ დ ა

  გაზაფხულის ღრუბლები
გაუფანტავს ქარს . . .
ატმის ხესთან გოგონა,
მზეს უსწორებს თვალს . . .
ნინოწმინდას აპრილი,
ყვავილებით რთავს,
ეს რა მშვენიერებაა
მამულო თქვენს თავს!
                                      
                               1970 წელი

                                                                          1       3    4    5




სტატისტიკა

რეკლამა

  • გამოკითხვა

    1. მკურნალობის რომელ მიმართულებას ანიჭებთ უპირატესობას?

    ქირურგია
    ფარმაკოთერაპია
    ხალხური მედიცინა და ფიტოთერაპია
    ჰომეოპათია

საიტის მეგობრები