ჰომეოპათია დასაბამიდან დღევანდელ დღემდე

მედიცინა ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა, მაგრამ ადამიანებს დღესაც ვერ აუხსნიათ – თუ რა არის ავადმყოფობის მიზეზი, საიდან იწყება დაავადება. თანამედროვე მედიცინა, მიუხედავად უდიდესი მიღწევებისა მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში, კრიზისს განიცდის დაავადების გენეზის დადგენასა და მკურნალობის არასაკმარისი მეთოდების გამო. ყოველწლიურად მილიონობით დოლარი იხარჯება დიაგნოსტიკის ახალი აპარატურის და ქიმიური პრეპარატების შექმნაზე, მაგრამ დაავადებათა რიცხვი არამცთუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც – გაჩნდა ახალი უცხო დააავადებები, იმატა წამლისმიერმა გართულებებმა, ალერგიებმა, მოიმატა ონკოლოგიურმა პათოლოგიებმა. ყოველივე ეს დამაფიქრებელია და ბუნებრივად იბადება კითხვა – ხომ არ ასცდა მედიცინა განვითარების სწორ გზას? იქნებ ათასი წლების წინათ მცხოვრები წმ. კოზმა და წმ. დამიანე, ესკულაპი, ჰალენი თუ ავიცენა – უფრო “კარგი” ექიმები იყვნენ, ვიდრე თანამედროვე ცოდნით და აპარატურით შეირაღებული ,,თეთრხალათიანნი”. ხომ არ დაიკარგა თანამედროვე პროგრესის დევნაში ის, რასაც ჩვენ სულიერ ასპექტებს, ,,მკურნალობის მადლს” ან თუნდაც თანაგრძნობის გამოხატვის უნარს ვეძახით. ჯერ კიდევ წმინდა მამები თვლიდნენ, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი საშუალება და უმნიშვნელოვანესი ამოცანა – ავადმყოფის სულიერი მნიშვნელობის ამოცნობაა და პაციენტის მკურნალობაც ხომ მისი ფსიქოლოგიური სფეროდან უნდა დაიწყოს. ყოველივე ამას სხვაგვარად განიხილავს და სწავლობს მედიცინის შედარებით ახალი დარგი – ჰომეოპათია.

ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულება, ახალი მსოფლმხედველობაა მედიცინაში. იგი გვიხსნის რატომ ვითარდება ესა თუ ის დაავადება, რას ნიშნავს გენეტიკური განწყობა და რა დროს იჩენს იგი თავს, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ერთ ადამიანში არსებული რამდენიმე დაავადება და იმისათვის რომ საბოლოოდ განვიკურნოთ, როგორი პრეპარატი უნდა შეირჩეს. ჰომეოპათია ითვალისწინებს ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მის კონსტიტუციას, მის სულიერ მდგომარეობას და ადამიანის განცდებს უკავშირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარებას. ცვლილებები თქვენს ორგანიზმში საერთო კანონზომიერებებს ემორჩილება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა დაავადება, რომელიც თქვენს ორგანიზმში ვითარდება, რაღაც ერთი ლოგიკით მიმდინარეობს. ყოველივე ეს გასაგები რომ გახდეს, შეგვიძლია ავხსნათ კონკრეტულ მაგალითზე. მაგ, თუ ადამიანში დარღვეულია გოგირდოვანი ცვლა, მას უვითარდება მთელი რიგი ჩივილები სხვადასხვა ორგანოში - აქვს მომატებული სიმხურვალეს შეგრძნება, დილაობით ფაღარათი, თვალების წვა, კანზე ალერგიული გამონაყარი, მწვავე ჰემოროი, რომელიც წვით და ქავილით ვლინდება, აქვს მომატებული ოფლიანობა ფეხებზე და სუნიანი, ჭუჭყიანი კანი. ამ პაციენტს აქვს მიდრეკილება ქაოსისაკენ, არის მოუწესრიგებელი, აინტერესებს ფილოსოფიური საკითხები. ეს პაციენტი რომ მოხვდეს თანამედროვე მედიცინის ექიმებში, მას ცალკე უმკურნალებდა გასტროენტეროლოგი კოლიტის დიაგნოზით, ალერგოლოგი დერმატიტის დიაგნოზით, თვალის ექიმი – კონიუქტივიტის დიაგნოზით, პროქტოლოგი – ბუასილის დიაგნოზით, გინეკოლოგი – კლიმაქსის დიაგნოზით და ა.შ. და ა.შ. ეს ადამიანი მუდმივად ირბენდა ექიმებში და უშედეგოდაც, ვინაიდან არაა გათვალისწინებული მთავარი – ყველა დაავადება კავშირშია ერთმანეთთან და არ შეიძლება ვუმკურნალოდ ერთს და არ გავითვალისწინოთ მეორე, არ შეიძლება ადამიანი დავჰყოთ ცალ-ცალკე ნაწილებად, ჩვენს მიერ აღწერილი ჩივილები განპირობებულია გოგირგოვანი ცვლის დარღვევით, მომატებული კატაბოლიზმით ორგანიზმში და ამ დარღვევის მთავარი იდეაა “წვის გაძლიერება”. ამიტომ აქვს ამ პაციენტს წვა თვალებში, კანზე, უკანა ტანში, ფეხებში და ნაწლავის ლორწოვანშიც, რასაც ორგანიზმი ფაღარათით ავლენს. ამ პაციენტს ჰომეოპათი მისცემდა მხოლოდ ერთ პრეპარატს – SULPHUR– 1000 (ჰომეოპათიურ გოგირდს), წელიწადში ერთხელ. ის კი სწორედ გოგირდის ცვლას მოაწესრიგებდა და პაციენტს ყველა ჩივილიც მოეხსნებოდა. ესაა ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი – ,,მსგავსის მსგავსით მკურნალობა”. შეგვიძლია მეორე მაგალითიც მოგიყვანოთ:თუ პაციენტს აქვს კისტოზური მასტოპათია (პატარა კისტები სარძევე ჯირკვალში), აქვს კისტა მარჯვენა საკვერცხეში და ამის გამო მენსტრუალური ციკლის დარღვევები, აქვს კვანძოვანი ჩიყვი (კისტა ფარისებრ ჯიკვალში) და პერიოდულად აწუხებს სახის, ქუთუთოების შეშუპებები – ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანის ორგანიზმში ერთი დაავადება მიმდინარეობს. ეს დაავადება გამოხატულებას ჰპოვებს სხვადასხვა ორგანოში დაზიანებებით და ამ დაავადებას მარტივად შეიძლება დავარქვათ ,,შეშუპებებისკენ მიდრეკილება” ან ,,წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა”, ,,სითხის არასწორი გადანაწილება ორგანიზმში”, რაც ვლინდება იზოლირებული სითხის დაგროვებით ანუ კისტების ჩამოყალიბებით. (კისტა სითხით სავსე კეთილთვილებიანი სიმსივნეა). ჰომეოპათი როცა აანალიზებს ამ პროცესებს, ეძებს მთავარ პრეპარატს – ამ შემთხვევაში ეს APIS - ია, რომელიც მოხსნის ზოგად მიდრეკილებას შეშუპებებისკენ. ასეთ პრეპარატებს SULPHUR, APIS - ჰომეოპათიაში კონსტიტუციური პრეპარატები ეწოდება. კონსტიტუციური პრეპარატი მოქმედებს ორგანიზმზე ღრმად, ხანგრძლივად, გადააწყობს რა ადამიანის ბიოქიმიურ-იმუნურ-ენდოკრინულ სისტემას და შეასწორებს ყველა იმ დარღვევას, რომლის ნიადაგზე განვითარდება ესა თუ ის დაავადება. ამიტომ ჰომეოპათიური მკურნალობის დროს, იმისათვის რომ საბოლოოდ განვიკურნოთ, აუცილებელია კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა. ეს უნდა იყოს ერთი პრეპარატი, მაღალ პოტენციაში და უნდა მივიღოთ იშვიათი მიღებით - წელიწადში 1-2-3 – ჯერ. კონსტიტუციური პრეპარატის შერჩევა შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ ექიმ-ჰომეოპათს.

ჰომეოპათია მკურნალობს უმცირესი დოზით – დოზა იმდენად მცირეა, რომ გამხსნელში პრაქტიკულად არ რჩება საწყისი ნივთიერების მატერიალური დოზა, მაგრამ გამხსნელი თავისი მოლეკულური სტრუქტურით ინარჩუნებს ინფორმაციას ამ ნივთიერების შესახებ. ეს ინფორმაცია კი ორგანიზმს გადაეცემა სპეციალური მოლეკულური რეცეპტორებით. გამოდის, რომ ჰომეოპათიური წამალი მოქმედებს ინფორმაციის სახით - გასცემს რა ბრძანებას ადამიანის ორგანიზმზე. ეს ბრძანება კი ადამიანში იწვევს იმუნური-ენდოკრინულ-ბიოქიმიური ძალების მობილიზაციას. სწორედ ეს პასუხი განაპირობებს ჰომეოპათიური განკურნების მექანიზმს.

მაგრამ ახლა პრობლემას სხვა თვალით შევხედოთ: რა შეიძლება მოჰყვეს ჰომეოპათიური წამლების დიდი რაოდენობით, და ხშირად უზომოდ ხმარებას? რამდენი წამალი შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ ჰომეოპათიურ რეცეპტში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰომეოპათიური წამალი ტოქსიური თვალსაზრისით აბსოლუტურად უვნებელია, მაგრამ სამუელ ჰანემანი უკვე მაშინ – ორასი წლის წინ გვაფრთხილებდა – არ იხმაროთ ჰომეოპათიური წამლები დიდი რაოდენობით და დიდხანს. რატომ? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰომეოპათიური წამალი ორგანიზმში იწვევს პასუხს – ეს პასუხი წარმოადგენს იმუნური, ენდოკრინული და სხვა სისტემების ერთობლივ მობილიზებულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც გადააწყობს რა მთელს ორგანიზმს, ებრძვის დაავადებას. ერთი წამალი იწვევს ერთ პასუხს, ორი-ორს, ხუთი კი ხუთ პასუხს. მაგრამ რა ხდება ორგანიზმში, როცა ჰომეოპათიურ რეცეპტში გაერთიანებულია ათი, ოცი, ზოგჯერ ორმოცი პრეპარატი? - ორგანიზმი პასუხობს ორმოცი პასუხით. მაგრამ თუ ორგანიზმის იმუნიტეტი დაუძლურებულია? თუ პაციენტი მოხუცია ან პატარა ბავშვია? პასუხი მარტივია: თავიდან, საწყის ეტაპზე, 1-2 თვის მანძილზე, რამდენიმე პრეპარატის ერთდროული ხმარება, დიახ, იწვევს ორგანიზმის ძალების მობილიზაციას, მერე კი წამლების დიდხანს ხმარებისას ხდება ელემენტარულად ორგანიზმის ,,გამოფიტვა ''. ორგანიზმი ვეღარ პასუხობს ჰომეოპათიურ წამლებს და ეფექტურობა პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ამიტომ აუცილებელია ჰომეოპათიური კომპლექსების მხოლოდ მცირე ხნით, მაქსიმუმ 1 თვე ხმარება, თანაც დაბალი განზავებებით, რომლებიც ხანმოკლედ მოქმედებენ; შემდგომში აუცილებელია წამლების შეწყვეტა და ინტერვალის გაკეთება, ან კონსტიტუციურ – ერთ პრეპარატზე გადასვლა. სხვაგვარად სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ბოლო წლებში შემოვიდა ე.წ. ,,მოდა" ჰომეოპათიურ კომპლექსებზე, რაც კლასიკური ჰომეოპათების სამართლიან აღშფოთებას იწვევს. კომპლექსების ხმარება რაღაც გარკვეული სიმპტომების მოსახსნელად გამართლებულია, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ძირითად სამკურნალო საშუალებებს, ისინი თქვენ ბოლომდე ვერ განკურნავენ. დაავადება არ იწყება გუშინ ან თუნდაც 1 თვის წინ. მთელი თქვენი ცხოვრება ერთი დაავადებაა, იგი ერთი გარკვეული ლოგიკით მიმდინარეობს, რომელიც პრაქტიკულად ჩვილობიდან, ზოგჯერ კი მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. იმისათვის რომ მთლიანობაში გავაანალიზოთ, თუ რა ხდება თქვენს ორგანიზმში და სასურველ შედეგს მივაღწიოთ, უნდა დავიწყოთ ჩივილებით, რომელიც თქვენ წლამდე ასაკში გქონდათ.

დღესდღეობით მთელს მსოფლიოში არიან მაღალკვალიფიციური ექიმ-ჰომეოპათები. იმისათვის რომ ექიმი ჰომეოპათად ჩამოყალიბდეს, მან კარგად უნდა იცოდეს ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, გავლილი უნდა ჰქონდეს ზოგადი თერაპიის, ფარმაკოლოგიის, პედიატრიის, ქირურგიის სრული კურსი და კარგად უნდა იცნობდეს მედიცინის თითქმის ყველა დარგს. ჰომეოპათი ეს არის - გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, პედიატრიც და ალერგოლოგიც ერთდროულად, ვინაიდან ჰომეოპათი მკურნალობს ორგანიზმის არა ერთ სისტემას, არამედ ორგანიზმს მთლიანობაში და მას ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს სხეულის ყველა ორგანოზე და სისტემაზე. ჰომეოპათი - ეს “უნივერსალური” ექიმია.

ჰომეოპათია შეიქმნა 200 წლის წინ და იგი ამ ორასი წლის მანძილზე თანდათანობით ვითარდებოდა. ჰანემანის მიერ ჩამოყალიბებული კანონების ჭეშმარიტებაში თანამედროვე ჰომეოპათები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან. ჰანემანმა აღმოაჩინა და ჩამოაყალიბა მედიცინის ზოგადი კანონები, რომელიც დასტურდება თანამედროვე ფიზიკის და ქიმიის ბოლო წლების აღმოჩენებით. ეს ზოგადი ტიპის კანონები საერთოა მთლიანად მედიცინისათვის, ბიოლოგიისთვის, ფიზიკისათვის და ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. მაგ, ჰანემანმა აღმოაჩინა წამლის მოქმედების ორი, ერთმანეთის საპირისპირო მოქმედება. მაგ, თუ ყავა სასმელის სახით აღმგზნებია, ეს ნიშნავს, რომ იგივე ყავა ჰომეოპათიურ დოზაში დამამშვიდებლად მოქმედებს. ჰომეოპათიური ჩოფფეა (ყავა) კი ინიშნება აღგზნების და უძილობის დროს. ე.ი. ყველა წამალს აქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო პოლუსი, განსხვავება მხოლოდ დოზაშია. ამ კანონს ფილოსოფიაში ,,პოლარობის” პრინციპი ჰქვია და იგი მთელს სამყაროზე ვრცელდება. შავი – თეთრი, დღე - ღამე, კარგი - ცუდი, მაღალი – დაბალი, ანაბოლიზმი – კატაბოლიზმი, და ა.შ. გამოდის, რომ ჰომეოპათია მედიცინაც არის და ფილოსოფიაც. თანამედროვე ჰომეოპათები აგრძელებენ ძიებას ამ მიმართულებით და იქმნება ახალ-ახალი მიმდინარეობები, სკოლები. ინდოელმა ჰომეოპათებმა იპოვეს ბევრი საერთო ინდურ სამედიცინო ფილოსოფიურ წყაროებსა (აიურვედა ) და ჰომეოპათიის კანონებს შორის, ჩვენ შევადარეთ რა ჰომეოპათია ძველ ქართულ წყაროებს, აღმოვაჩინეთ რომ კარაბადინებში და ჰომეოპათიაში პრაქტიკულად ერთი და იგივე ზოგად სამედიცინო კანონებია აღწერილი, ოღონდ ისინი განსხვავებული ენითაა გადმოცემული. დღესდღეობით ჰომეოპათიის მრავალი სკოლა არსებობს. კლასიკური ჰომეოპათია მიჰყვება იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნა ჰანემანმა და რომელიც ძირითადად მონოთერაპიას (ერთი პრეპარატით მკურნალობას) ეფუძნება. კლასიკური ჰომეოპათია ძალიან შრომატევადია და ითხოვს ექიმ-ჰომეოპათისგან 2000-მდე პრეპარატის სრულყოფილ ცოდნას, მაღალ კვალიფიკაციას და საჭირო ერთი კონსტიტუციური პრეპარატის სწორად შერჩევას. ექიმების უმრავლესობა ირჩევს უფრო იოლ გზას – ,,კომპლექსურ ჰომეოპათიას” – რამდენიმე პრეპარატის ერთდროულად გამოყენებას და მას ცალკეული დაავადებების დროს იყენებენ. შედეგი ასეთი მკურნალობისა მაინც დროებითი იქნება – ასეთი პრეპარატი დროებით მოგიხსნით ამა თუ იმ ჩივილს, მაგრამ ბოლომდე არ განგკურნავთ, ვინაიდან ასეთი მკურნალობის დროს არ იყო გათვალისწინებული თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები. გრიპის ეპიდემიის დროს თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იხმაროთ ჰომეოპათიური კომპლექსი - ანტიგრიპინი, მაგრამ თუ გრიპი ძალიან ხშირად გემართებათ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად კონსტიტუციური პრეპარატი და ჰომეოპათის კვალიფიციური გახმარება გჭირდებათ, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემას ,,წესრიგში მოიყვანს”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სტატიის მიზანია დაგეხმაროთ თქვენ გაერკვოით, როდის გჭირდებათ კომპლექსური პრეპარატი, რომელიც აფთიაქში მზა სახით იყიდება და როდის გჭირდებათ ექიმი - ჰომეოპათი. კომპლექსური პრეპარატი მოგიხსნით ამა თუ იმ კონკრეტულ ჩივილს, მაგრამ ჰომეოპათი შეგირჩევთ თქვენ კონსტიტუციურ პრეპარატს ინდივიდუალურად და მოხსნის ორგანიზმში ,,ხშირად ავადობსკენ მიდრეკილებას, ,,დაჩირქებისაკენ მიდრეკილებას", ,,წყლულებისაკენ მიდრეკილებას", ე.ი. იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე მთლიანობაში. თუ თქვენს მიერ აფთიაქში შეძენილი ამორჩეული პრეპარატი არ იძლევა სასურველ შედეგს, ეს ნიშნავს, რომ წამალი ზუსტად არაა შერჩეული და თქვენ ექიმ-ჰომეოპათს უნდა მიმართოთ.