ჰომეოპათიური მკურნალობის არსი

მიუხედავად იმისა, რომ ჰომეოპათია უკვე 200 წელია იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, საქართველოში მედიცინის ეს დარგი მაინც სიახლედ ითვლება. ქართველ ექიმთა უმრავლესობა ჰომეოპათიას ან სკეპტიკურად უყურებს, ან ბოლომდე მაინც ვერ ენდობა. ამის მიზეზი კი გახლავთ ჰომეოპათიის შესახებ ზოგადი წარმოდგენა და საგნის არასაკმარისად ღრმა ცოდნა. ექიმებმა არ იციან ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და არა აქვთ ინფორმაცია მისი მაღალ ეფექტურობის შესახებ ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როცა თანამედროვე მედიცინა სრულიად უძლურია. ამიტომ ჰომეოპათია დღეს ნამდვილად იმსახურებს ექიმთა ნდობას. იგივეს ვერ ვიტყვით პაციენტთა განწყობაზე, ვინაიდან ჰომეოპათიურ კაბინეტში ავადმყოფთა მომართვის რაოდენობა დღითიდღე იზრდება და ახალი მეთოდის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი კი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი საუკეთესო შედეგები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სტატიის მიზანია უფრო დეტალურად გავაცნოთ ექიმთა საზოგადოებას ჰომეოპათიის შესაძლებლობანი და მისი ძირითადი თეორიული პრინციპები.

ჰომეოპათია არ არის მარტო მკურნალობის მეთოდი, ის ახალი მიმართულებაა, მკურნალობის ახალი სრულიად განსხვავებული სისტემაა მედიცინაში. იგი ადამიანის ორგანიზმს და მასში არსებულ პათოლოგიებს განიხილავს არა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, არამედ მთლიანობაში და ერთ ადამიანში არსებულ რამდენიმე პათოლოგიას ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს, აღწერს ზოგად პათოლოგიურ კანონებს და გვიხსნის, თუ რატომ უვითარდება ამა თუ იმ ადამიანს ესა თუ ის პათოლოგია.

ჰომეოპათიის ძირითადი პოსტულატი – ,,მსგავსების კანონია”. ჰომეოპათიური ფილოსოფიით სამყარო და ადამიანში მიმდინარე პროცესები აგებულია ანალოგიის პრინციპით და დაავადების განვითარება-უკუგანვითარება ორგანიზმში ამ პრინციპს ემორჩილება. იგივეს გულისხმობდა თანამედროვე ცნობილი ფიზიოლოგი, ჰანს სელიე, როცა ამბობდა – ,,სამყაროში, საზოგადოებაში და ადამიანი უჯრედში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის მსგავსიაო”. (ჰანს სელიე) ,,მსგავსების კანონის” აღმოჩენა უკავშირდება საინტერესო ისტორიულ ფაქტს: 1790 წელს გერმანელმა ექიმმა - სამუილ ჰანემანმა გადაწყვიტა თავის თავზე გამოეცადა ქინაქინას ტოქსიური მოქმედება კუჭზე, რომლის შესახებ ცნობები მან ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ამოიკითხა. ამ მიზნით იგი ყოველდღიურად ქინაქინას სამკურნალო დოზას ღებულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან საოცარი შედეგი მიიღო – სრულიად ჯანმრთელ ჰანემანს განუვითარდა მალარიის კლინიკური ნიშნები, რომლებიც მაშინათვე გაქრა, როგორც კი ქინას მიღება შეწყვიტა. სწორედ მაშინ გამოითქვა აზრი, რომ წამალი ავადმყოფში მკურნალობს იმას, რასაც თავად იწვევს ჯანმრთელ ადამიანში. ,,მსგავსი იკურნება მსგავსით” – "Similia similibus curantum" – დაასკვნა ჰანემანმა, ჩაატარა რა მსგავსი ექსპერიმენტები სხვა პრეპარატებზეც. აქედან გამომდინარეობს, რომ წამალს აქვს ორი ერთმანეთის საპირისპირო ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია დოზაზე – ზედოზირებისას წამალი იწვევს იმას, რასაც მკურნალობს ავადმყოფში. დიმედროლს სედატიური ეფექტი აქვს, მაგრამ მისი ზედმეტი დოზის მიღებისას პაციენტს აგზნება ეწყება; ყავა ჯანმრთელებში იწვევს აღგზნებას, ხოლო ჰომეოპათიური Coffea 30 (ყავის უმცირესი დოზა) გამოიყენება სწორედ აღგზნების და უძილობის დროს; ალოეს წვენის სახით საფაღარათო თვისებები აქვს, მაგრამ ჰომეოპათიური ალოე (Aloae 30) სწორედ ფაღარათის დროს გამოიყენება.

მაგრამ რა დოზაშია წამალი შხამი და რა დოზაშია იგი წამალი? წამლის მოქმედების ეფექტის დამოკიდებულება დოზაზე ჰანემანის შემდგომი ძიების საგანი გახდა. მან დაიწყო ძიება, თუ რა მინიმალურ დოზაში წყვეტდა წამალი თავის თერაპიულ ეფექტს: ამისათვის იგი წამლებს აზავებდა 1:10 –ზე რამოდენიმეჯერ და თავის თავზე გამოცდით აკვირდებოდა, თუ რა კლინიკური სიმპტომები განუვითარდებოდა მას. ასეთ ექსპერიმენტში გაკეთდა მეორე უმნიშვნელოვანესი დასკვნა – მინიმალური სამკურნალო დოზა პრაქტიკულად არ არსებობს, დოზის უსასრულოდ შემცირებისას წამლის თერაპიული ეფექტი არამც თუ მცირდება, არამედ ნელ-ნელა იზრდება კიდეც, ოღონდ საპირისპირო ეფექტით. გარდა ამისა, განზავების (პოტენციის) გაზრდით ჩნდებოდა ახალ-ახალი საინტერესო კლინიკური ნიშნები და ეს ნიშნები უკვე განეკუთვნებოდა ფსიქიურ სფეროს. ე.ი. წამლის დაბალი განზავებები იწვევდნენ ჯანმრთელში ჩივილებს კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ, უფრო მაღალი განზავებები მოქმედებდნენ შინაგან ორგანოებზე, ხოლო ყველაზე დიდი განზავევბები კი – ფსიქოლოგიურ სფეროზე. აქედან შეგვიძლია დავაკეთოთ ლოგიკური დასკვნა: ამ პრეპარატით შეგვიძლია ვუმკურნალოთ იმ დაავადებას, რომლის სიმპტომებსაც ეს პრეპარატი იწვევს ჯანმრთელში. დაბალი განზავებებით ვმკურნალობთ კანის და ლორწოვანი გარსის პრობლემებს, საშუალო პოტენციით ორგანოებს, ხოლო მაღალი განზავებები ეფექტურია ფსიქოლოგიურ ჩივილებზე (შიშები, აგზნება და სხვ). დაავადების და წამლის ორგანოებზე მოქმედების ასეთი იერარქია შეიმჩნევა ევოლუციურ კიბეზეც და იგი სრულიად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას ორგანოების იერარქიულ წყობაზე – კანი ფილოგენეზურად ყველაზე ადრეული ევოლუციური წარმონაქმნია, ხოლო თავის ტვინის ქერქი კი, რომელთანაც აზროვნების პროცესებია დაკავშირებული, ევოლუციერად ყველაზე გვიან განვითარდა. განკურნებაც ამ სქემით მიმდინარეობს – დაავადება უკუვითარდება შიგნიდან გარეთ (ჯერ იხსნება შინაგანი ორგანოების ჩივილები და მერე კანის) და ზევიდან ქვევით (ე.ი. ჯერ უნდა მოიხსნას ჩივილები ცნს – ის მხრიდან, და მერე სხვა ორგანოების მხრიდან). ამ კანონს ჰომეოპათიაში ჰერინგის კანონი ჰქვია. ჰერინგის კანონს ემორჩილება დაავადების განვითარების კანონზომიერებაც – დაავადების დასაწყისში გვაქვს ჩივილები კანის მხრივ (მაგ. ეგზემა), შემდეგ ჩნდება ჩივილები ლორწოვანი გარსის მხრივ (მაგ. ალერგიული რინიტი), მერე კი შინაგანი ორგანოების მხრივ (ბრონქული ასთმა). თუ ასთმის მკურნალობის პროცესში გაჩნდა გამონაყარი კანზე, რომელის პაციენტს რამდენიმე წლის წინ აღენიშნებოდა, ჰომეოპათიური თვალსაზრისით ეს დადებით მოვლენად ჩაითვლება ე.ი. – განკურნების პროცესი სწორი გზით მიმდინარეობს.

ჰანემანმა დაიწყო თავისი აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვა და მრავალმა დადებითმა შედეგმა დაარწმუნა იგი გაკეთებული დასკვნების სისწორეში. მას თანდათანობით გაეთქვა სახელი, როგორც უბადლო მკურნალისა, რაც ბუნებრივია იწვევდა შურს და აგრესიას იმ დროის სხვა ექიმებში. ჰანემანი არაერთხელ გამხდარა უსასრულო ინტრიგებისა და კრიტიკის ობიექტი, მას ხან ყალთაბანდს, ხან ავანტიურისტს უწოდებდნენ, ვინაიდან მკურნალობის ის დოქტრინა, რომელსაც იგი ექიმთა საზოგადოებას სთავაზობდა, რადიკალურად განსხვავდებოდა არსებული პოსტულატებისგან. ჰანემანთან მოსიარულე პაციენტთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, ხშირად ჰანემანს ბინაზე სიარულიც უწევდა და აჯანმრთელებდა უმძიმეს ავადმყოფებს, რომელთაც ექიმებმა უკვე სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ასეთი ნაყოფიერი პრაქტიკის პროცესში ჰანემანმა ერთ უცნაურობას მიაქცია ყურადღება: იგი უკეთეს შედეგს ღებულობდა იმ პაციენტებში, რომელთაც ბინაზე იქით აკითხავდა და რომლებიც ყველაზე შორს ცხოვრობდნენ, ვიდრე იმათში, ვინც მასთან სამკურნალოდ სახლში მოდიოდა. ამ უცნაურმა მოვლენამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენას ჩაუყარა საფუძველი: პაციენტთან ბინაზე ვიზიტისას ჰანემანს თან დაჰქონდა ჰომეოპათიური წამლები საკვოიაჟით და სარგებლობდა ეტლით. მგზავრობის პროცესში ხდებოდა წამლების ნჯღრევა: რაც უფრო შორს ცხოვრობდა ესა თუ ის პაციენტი, მით უფრო დიდხანს ხდებოდა წამლის ნჯღრევა და მით უფრო ძლიერდებოდა წამლის სამკურნალო თვისებები – ე.ი. ჰომეოპათიური წამლის მიღებისას აუცილებელია მისი ხანგრძლივი ნჯღრევა, რასაც თანამედროვე ჰომეოპათიაში დინამიზაციის პროცესი ეწოდება.

ჰანემანმა ჯანმრთელებში (თავის თავზე, მოწაფეებზე, მოხალისეებში) გამოსცადა 200-მდე პრეპარატი და შეადგინა ამ პრეპარატებისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების სახელმძღვანელო. ამ წიგნს მან – «Materia Medica» უწოდა. «Materia Medica» გვიჩვენებს, თუ რა პრეპარატი უნდა ვიხმაროთ ამა თუ იმ სიმპტომის დროს. მაგალითად, «Materia Medica» - ში ვკითხულობთ, რომ კალციუმის კარბონატის (Calcarea Carbonica) ჩვენებებია: “ყველაზე ხშირად გამოიყენება დიდი წონის და მსუქან ბავშვებში, რომლებიც გამოირჩევიან სუსტი წინააღმდეგობით ინფექციების მიმართ, აწუხებთ კისრის ლიმფური ჯირკვლების და ნუშურა ჯირკვლების გადიდება, მტკივნეულობა, ხშირი ავადობა, ოფლიანობა განსაკუთრებით თავის არეში, შიშები (დაავადების, სიმაღლის, ცხოველების), და ა.შ.” უნებლიედ გვახსენდება ლიმფურ-ჰიპოპლაზიური დიათეზი და რაქიტი, რომლის პათოგენეზში წამყვანია D-ვიტამინის და კალციუმის ცვლის დარღვევა და რომლის დროსაც თანამედროვე ექიმები კალციუმის დიდ დოზებს ნიშნავენ. მაგრამ ჰომეოპათიური ჩალცარეა ჩარბონიცა წარმოადგენს ნიჟარის (Ostrea edulis) შიდა ზედაპირის ჩამონაფხეკიდან მიღებული ჰომეოპათიურ პრეპარატს, რომლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტია სწორედ კალციუმი. აქედან გამომდინარე, ჰომეოპათიური პრეპარატები აწესრიგებენ იმ ნივთიერების მეტაბოლურ ცვლას, რომლის დარღვევა გვაქვს ამა თუ იმ პათოლოგიის დროს. თუ რაქიტის დროს პაციენტს ვტვირთავთ კალციუმის მატერიალური დოზით, ჰომეოპათიური კალციუმით ვაწესრიგებთ ამ ელემენტის დარღვეულ მეტაბოლიზმს ორგანიზმში.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ერთ ადამიანში განვითარებულ უამრავ სიმპტომის (კანის, ლორწოვანის, შინაგანი ორგანოების, შიშებს ) განვითარებას ერთი ძირითადი მიზეზი – კალციუმის ცვლის დარღვევა განაპირობებს. ამათგან ავადმყოფში შეიძლება გამოხატული იყოს 2-3 სიმპტომი, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით ასაკში განვითარდეს. ე.ი. გარკვეული ტიპის ადამიანებში სხვადასხვა სისტემის დაავადებანი თანდათანობით, ეტაპობრივად იჩენს თავს – ჯერ ცვლილებები კანის მხრიდან, შემდეგ სხვა სისტემების მხრივ და ა.შ. გამოდის, რომ გარკვეული ტიპის მქონე ადამიანებს აქვთ მიდრეკილება ამა თუ იმ პათოლოგიების მიმართ – ამ მიდრეკილებას ჰომეოპათიაში კონსტიტუცია ეწოდება, ხოლო ნიადაგს რომლის ფონზე განვითარდა ესა-თუ ის სიმპტომი – მიაზმი ეწოდება. თანამედროვე მედიცინაში აღწერილია რამდენიმე ტიპის კონსტიტუციური პათოლოგია – ლიმფურ - ჰიპოპლაზიური დიათეზი, ნერვულ – ართრიტული დიათეზი, ჰემორაგიული დიათეზი. ჰომეოპათიაში სხვაგვარადაა: ჰომეოპათიაში აღწერილია და შესწავლილია 100-მდე ჰომეოპათიური ტიპი და ეს ტიპები გაყოფილია ოთხი მიაზმის მიხედვით. ჰანემანმა თავის დროზე გამოჰყო სამი მიაზმი, რომელსაც მოგვიანებით მეოთხეც დაემატა. ე.ი. დაავადების განვითარებისთვის არსებობს 4 ტიპის განწყობა, ნიადაგი, რომლის ფონზეც ვითარდება ესა თუ ის პათოლოგია – Psora, Sycose, Lues, Tuberculin. Psora- თვის წამყვანია – Sycose –თვის დამახასიათებელია სიჭარბე, ჰიპერრეაქცია,Lues – თვის წამყვანია დაშლა, რღვევა, ხოლო ადამიანების 4 ტიპად დაყოფას ვხვდებით ძველ ბერძნულ მედიცინაშიც - ქოლერიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი, მელანქოლიკი. პათოლოგიური პროცესების 4 ძირითადი ტიპია გამოყოფილი თანამედროვე მედიცინაში – ანთება, ჰირერტროფია, დისტროფია, სკლეროზი. ძველ ქართულ კარაბადინებში გამოყოფილია 4 ტიპის დაავადება: დაავადება, რომალიც გამოწვეულია ბალღამით, სისხლით, ზაფრათი და სევდით. ძველ ინდურ წყაროებში მართალია გამოყოფენ 3 ტიპის ადამიანს – ვატა, კაფხა, პიტა, მაგრამ თავისი არსით ეს ცნებები მიახლოებულია Psora, Sycose, Lues – მიაზმებთან. ტიბეტურ წყაროებში აღწერილი პათოლოგიური პროცესები (სტიქიები, მეტალები) მიახლოებულია ჰომეოპათიურ მიაზმებთან. საბოლოო ჯამში, გავაანალიზეთ რა ძველი სამედიცინო წყაროები, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყველა ამ წყაროში, ჰომეოპათიაში და თანამედროვე მედიცინის სახელმძღვანელოებში საუბარია ერთსა და იგივე მოვლენაზე, ოღონდ ისინი გადმოცემულია სხვადასხვა ტერმინოლოგიით, გასხვავებული ენით. მიაზმების შესახებ ჩვენ მომავალშიც გვექნება საუბარი, ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი თემაა.

ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ჰანემანის მიერ აღწერილ კანონებს, თანამედროვე ფიზიკა ხსნის გამხნელის მოლეკულური აგებულების დახმარებით, ჰანემანმა არაფერი იცოდა მოლეკულების შესაზებ, მის მიერ აღმოჩენილი კანონები ემპირიული ცოდნის და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქნა აღმოჩენილი. იგი ვერ ახსნიდა თუ რა ხდება მატერიალური სუბსტრატის მრავალჯერ განზავების და დინამიზაციისას, როგორ მოქმედებს ჰომეოპათიური წამალი, როცა გამხსნელში პრაქტიკულად მისი მოლეკულაც აღარაა დარჩენილი? თანამედროვე ფიზიკა ცდილობს ახსნას ეს მოვლენა, ვინაიდან მეცნიერებს უჭირთ ახსნან თუ რა მოსდის ნივთიერებას დინამიზაციის პროცესში (მისი მრავაჯერადი გახსნა – ნჯღრევით). ისიც გაუგებარია, რატომ მოქმედებენ ჰომეოპათიური წამლების დაბალი პოტენციები ორგანოებზე, ხოლო მაღალი - კი ფსიქიკაზე. ყველაზე გავრცელებულია თეორია ,,გამხსნელის სტრუქტურულ მეხსიერებაზე” – რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთიერების მოლეკულა თავის გარშემო შემოიკრებს გამხსნელის (მაგ, სპირიტს ან წყლის) მოლეკულებს და ისინი ერთად ქმნიან რაღაც კონფიგურაციას, რომელიც მკაცრად ინდივიდუალურია ამ ნივთიერებისთვის. ნჯღრევის დროს ნივთიერების ეს მოლეკულა ახალ-ახალ კონფიგურაციებს ქმნის გამხსნელის გვერდით მყოფ მოლეკულებთან ერთად. პოტენცირებისას კი (ე.ი ნივთიერების მრავალჯერ გახსნისას) ნივთიერების მოლეკულა გამხსნელში აღარ რჩება, მაგრამ ხსნარის მოლეკულები ინარჩუნებენ შექმნილ კონფიგურაციას და ესე იგი ინახავენ ინფორმაციას ამ ნივთიერებაზე. ეს ინფორმაცია კი ორგანიზმს გადაეცემა სპეციალური მოლეკულური რეცეპტორებით. გამოდის, რომ ჰომეოპათიური წამალი მოქმედებს არა მატერიალური სუბსტრატით, არამედ ინფორმაციის სახით - გასცემს რა ბრძანებას ადამიანის ორგანიზმზე. ეს ბრძანება კი ადამიანში იწვევს იმუნური-ენდოკრინულ-ბიოქიმიურ პასუხს. სწორედ ეს პასუხი განაპირობებს ჰომეოპათიური განკურნების მექანიზმს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰომეოპათიური წამალი არასოდეს იქნება ,,ტოქსიური". რაც უნდა დიდი რაოდენობით მიიღოს პაციენტმა ჰომეოპათიური წამალი, ადამიანი არასოდეს ,,მოიწამლება”, რადგან ჰომეოპათიურ წამალში არაა ნივთიერების ტოქსიური დოზა.

ჰომეოპათიური მკურნალობის ეფექტურობის დამადასტურებელი უამრავი კვლევა არსებობს: ინგლისური ჟურნალი Britisch Medical Journal–მა გამოაქვეყნა გამოკვლევები, რომლის მიხედვითაც ინგლისელი ექიმების 42% თავის პაციენტებს სამკურნალოდ აგზავნის ჰომეოპათებთან. ევროპაში ცნობილია, რომ ფრანგი ექიმები 32% შემთხვევაში მიმართავენ ჰომეოპათიურ წამლებს.

ექიმები და პაციენტები მკურნალობის ამ მეთოდს უპირატესობას ანიჭებენ მისი უვნებლობის და არატოქსიურობის გამო. ჰომეოპათიური მკურნალობის მაღალ ეფექტურობაზე მეტყველებს მრავალი ფაქტი და გამოკვლევა. ერთ-ერთი მათგანი ჩატარდა 1991 წელს სამი ჰოლანდიელი პროფესორის მიერ. ჩატარდა კლინიკური დაკვირვება 107 ავადმყოფზე, რომელთაც მკურნალობდნენ მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით. კლინიკური ანალიზმა ცხადყო, რომ 107 შემთხვევიდან ეფექტური აღმოჩნდა - 81, რაც 75,5%-ს შეადგენს, 22 შემთხვევაში მიღწეული შედეგები აკმაყოფილებდა სამეცნიერო ხარისხის კრიტერიუმებს, 15 შემთხვევამ აჩვენა, რომ წამალი ეფექტურად მოქმედებს. სხვა გამოკვლევა ჩაატარეს კიეველმა ექიმებმა უროლოგიის და ნეფროლოგიის ს/კ ინსტიტუტში. 70-90 წლის ასაკის პაციენტებს, რომელთაც ექოსკოპიურად აღენიშნებოდათ პროსტატის ადენომა, ჩაუტარდათ მკურნალობა ჰომეოპათიური წამლებით. Mმკურნალობის შემდეგ ადენომას ზომები არა მარტო შემცირდა, არამედ გაუმჯობესდა ჰორმონალური ფონი, თირკმლების სისხლმომარაგება და მათი გამომყოფი ფუნქცია, გამოსწორდა არტერიული წნევა და გულის რიტმი, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები. ასეთივე ტიპის ექსპერიმენტი ჩაატარეს გერმანელმა და ამერიკელმა ექიმებმაც 1995 წელს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდი არა მარტო არ ჩამოუვარდება თანამედროვე მედიცინის მკურნალობის მეთოდებს, არამედ მრავალ შემთხვევაში შეიძლება უფრო ეფექტურიც კი აღმოჩნდეს.

მცირე დოზების ეფექტი ბოლო წლებში მრავალი დარგის მეცნიერის კვლევის ობიექტი გახდა. აგრონომიაში შეიქმნა მთელი მეცნიერება – ბიოდინამიური მეთოდი, (ფირმა Hipp – ის პროდუქცია), რომელიც მცირე დოზების გამოყენებას ეფუძნება.