ადაპტაციური თერაპია

ჰომეოპათია – ადაპტაციური (მარეგულირებელი) თერაპიაა, რომლის მიზანია მკაცრად ინდივიდუალურად შერჩეული წამლებით და ორგანიზმის რეაქციის გათვალისწინებით თვითრეგულაციის პროცესებზე ზემოქმედება (Gerhard Kohler –ის განმარტება). წამლების ინდივიდუალურად შერჩევა ხდება მსგავსების კანონის მიხედვით - ,,წამლისმიერი დაავადების სურათი მაქსიმალურად მსგავსი უნდა იყოს დაავადების (დაავადებების) სურათისა", რომელიც უნდა განიკურნოს. იმას, თუ რა მოქმედებას (დარღვევებს, გადახრებს ჰომესტაზში) იწვევს ყოველი წამალი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში, ეწოდება წამლის პათოგენეზი და გამოიყენება წამლის ჩვენებად.

ორასწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ჰომეოპათია მწვავე და ქრონიკული დაავადებების (უფრო სწორად – ავადმყოფების) რადიკალური განკურნების და აქტიური პროფილაქტიკის ხელოვნება და მეცნიერებაა. ის ახალ მიმართულებას ქმნის თერაპიაში, საფუძველს უყრის XXI საუკუნის ერთიან, გააზრებულ და ჰუმანურ მედიცინას.

ჰომეოპათიას საფუძველი ჩაუყარა პიროვნებამ, რომლის სახელიც მომავალში კაცობრიობის ისტორიის ისეთი გიგანტების გვერდით მოიხსენიება, როგორიცაა: აინშტაინი, ნიუტონი, ჰიპოკრატე. მსგავსად ამ ადამიანებისა, მან აღმოჩენებით კარდინალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა არა მარტო ჯანმრთელობასა და დაავადებაზე, არამედ ბუნებაზე მთლიანად.

ამიტომაც ღირს გავიხსენოთ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, მივყვეთ მისი აზრების ევოლუციას, რაც დაგვეხმარება ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპების აღქმაში.

1810 წელს, გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში გამოიცა წიგნი ,,საექიმო ხელოვნების ორგანონი", რომლის ავტორი, სამუელ ჰანემანი, ცნობილი იყო როგორც უდიდესი ექიმი და სამედიცინო ლიტერატურის ავტორი. მისმა ახალმა ნაშრომმა მკითხველთა დაინტერესება გამოიწვია, მაგრამ წიგნის გაცნობის შემდეგ ევროპის სამედიცინო საზოგადოებამ აღშფოთება გამოხატა, რადგან მათ სთავაზობდნენ მედიცინის სრულიად ახალ სისტემას, პრინციპულად განსხვავებულს იმდროინდელი, ტრადიციული მედიცინისაგან.

ჰანემანმა თავის სისტემას უწოდა ჰომეოპათია. – ბერძნული სიტყვების საფუძველზე - homos- ,,მსგავსი" და patos- ,,დაავადება" დანარჩენ მედიცინას ჰანემანმა ალოპათია უწოდა (Allo – განსხვავებული, საწინაამღდეგო). განისაზღვრა ჰომეოპათიის პრინციპი - ,,მსგავსი მსგავსით ინკურნება" - ,,Similia similibus curantur". ახალ წიგნში ჰანემანმა განაზოგადა რა თავისი 20 წლიანი მოღვაწეობის შედეგები, მოგვცა ჰომეოპათიის კანონების და პრინციპების განსაზღვრება.

ჰანემანი არაორდინალური და ერუდირებული პიროვნება იყო. უნივერსიტეტში ის ბევრს მუშაობდა, თარგმნიდა ლიტერატურას მედიცინის და ქიმიის დარგში. საექიმო დიპლომის მიღების შემდეგ გამოაქვეყნა ნაშრომების სერია ფარმაკოლოგიის და ქიმიის შესახებ. მისი ,,სააფთიაქო ცნობარი" მაშინდელ დროში აღიარებული სახელმძღვანელო გახლდათ. იგი მონაწილეობას ღებულობდა გერმანიის ფარმაკოპეის სტანდარტიზაციის განხორციელებაში.

მიუხედავად კარგი რეპუტაციისა, ჰანემანმა სამედიცინო პრაქტიკა მალე შეწყვიტა. ის უკმაყოფილო იყო მკურნალობის იმდროინდელი მეთოდებით. არსებობის წყაროდ წიგნების თარგმნა გაიხადა, განუწყვეტლივ იკვლევდა ჯანმრთელობისა და დაავადებათა საკითხებს. ამ პერიოდშივე აღმოაჩინა თერაპიის ფუნდამენტური კანონი. თარგმნიდა რა პროფესორ კულენის ნაშრომს - ,,Materia Medica"-ს, მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა დეტალმა, ავტორი აღწერდა მალარიის დროს ქინაქინის ქერქის სამკურნალოდ გამოყენების ფაქტს, აღნიშნავდა წამლის მწარე გემოს და მას უკავშირებდა კუჭის ენერგიის მომატებას. ჰანემანმა გადაწყვიტა ქინაქინის თავის თავზე გამოცდა. ასეთი ქმედება უპრეცედენტო იყო მედიცინაში. დღესაც არაა მიკვლეული სხვა შემთხვევა – ჰანემანზე ადრე, რომ ექიმს, ჯანმრთელად მყოფს, გამოეცადოს წამალი თავის თავზე. ამ ექსპერიმენტმა მედიცინაში დასაბამი მისცა ახალ ერას.

დაიწყო რა ქინაქინის მიღება, ჰანემანს მალევე განუვითარდა პერიოდული ციებ-ცხელების სიმპტომები. ჰანემანი გაოცებული იყო: `როგორ მოხდა რომ წამალმა გამოიწვია ციებ-ცხელება მაშინ, როდესაც სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობდი თავს? იგივე წამალი მკურნალობს ციებ-ცხელებას დაავადებულებში. ხომ არ არის აქ დამალული სამკურნალო მოქმედების არსი? ამ ვარაუდის შემდგომი შემოწმების მიზნით ჰანემანმა გააგრძელა თავის თავზე სხვა წამლების გამოცდა.

დაკვირვებების შედეგად გამოაშკარავდა ბუნების შემდეგი მოვლენა: ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელ ადამიანში იწვევს გარკვეული ავადმყოფობის მსგავსს სიმპტომებს, იგივეს კურნავს დაავადებულებში. ამ აღმოჩენამ ჰანემანთან ექიმთა მნიშვნელოვანი რიცხვი მიიზიდა. მათ უკვე ორგანიზებულად დაიწყეს ექსპერიმენტირება. – თავის თავზე ცდიდნენ სხვადასხვა წამლების მოქმედებას. ცდები გაგრძელდა ექვსი წლის განმავლობაში. ყველა დაკვირვება დაწვრილებით გაანალიზდა და დაფიქსირდა.

იმ პერიოდში ბევრი გამოჩენილი ექიმი ითხოვდა ფარმაკოპეის ახალ საწყისებზე გადასვლას. ექიმთა მიერ გამოწერილი რეცეპტები რთული და დაუსაბუთებელი იყო, ემპირიკა კი – ფანტასტიკასთან გადახლართული. არ არსებობდა სისტემა და არც მისი მსგავსი სხვა რამ. ამიტომაც გასაგებია ჰანემანის მიმდევართა ენთუზიაზმი - გამოეცადათ ასობით პრეპარატი, რათა შეექმნათ წამალთმცოდნეობა, რომელიც დაეფუძნებოდა გარკვეულ პრინციპებზე დამყარებულ კონცეფციას. შემდგომში, როდესაც ექსპერიმენტი მედიცინაში ფართოდ დამკვიდრდა, ჰომეოპათიაში – ეს თავდადება, არ იქნა სათანადოდ შეფასებული. ამ პერიოდში ჰანემანი, რომელიც ფლობდა ლათინურ, ბერძნულ, არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რომლისთვისაც მისაწვდომი იყო უმდიდრესი სამედიცინო ბიბლიოთეკა ადგენს ჩანაწერების ფართო ნაკრებს შემთხვევითი მოწამვლების შესახებ, იმის მიხედვით, რაც კი აღუწერიათ სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჰანემანის და მისი მიმდევრების მიერ დაფიქსირებულმა სიმპტომოკომპლექსებმა, ასევე ტოქსიკოლოგიის მონაცემებმა ტომები შეადგინა.

მალე ჰანემანმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს სიმპტომოკომპლექსები მსგავსი იყო იმ დაავადებებისა, რომელთა წინაშეც უძლური გახლდათ მათი თანამედროვე მედიცინა. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ეს წამლები იმ პაციენტთა სამკურნალოდ, რომელთაც აღმოუჩენდნენ მსგავსს სიმპტომებს. ამის შედეგად გაოცებული დარჩნენ ,,განუკურნებელ" დაავადებათა ჰომეოპათიური პრინციპით მიღწეული განკურნებით.

ჰანემანი სამედიცინო პრაქტიკას დაუბრუნდა ჰომეოპათად. ის დაწვრილებით იწერდა ყოველი ავადმყოფის ფიზიკურ და ფსიქიკურ სიმპტომებს, აჯერებდა ჯანმრთელებზე გამოცდისას მიღებულ სიმპტომოკომპლექსს და ტოქსიკოლოგიის მონაცემებს. საბოლოოდ ზუსტდებოდა ყოველი წამლის ,,პათოგენეზი" - ასე უწოდა ჰანემანმა წამლისმიერი დაავადების სურათს.

ჰომეოპათიური პრინციპი, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც მსგავსების კანონი, ჰანემანმა ჩამოაყალიბა ,,ორგანონის" შესავალში: ,,რომ უმკურნალო სწორად, უსაფრთხოდ, სწრაფად და სანდოდ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეარჩიე ისეთი წამალი, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელებში გამოიწვიოს მდგომარეობა მსგავსი იმისა, რომელიც უნდა განიკურნოს".

ჰანემანმა შეიცნო და განმარტა ,,მსგავსების" კანონი. ამავე დროს ციტირებას უკეთებს სხვა ავტორებსაც, რომელნიც ამ ფუნდამენტალური კანონის არსებობას ვარაუდობდნენ და მიანიშნებდნენ მასზედ. მაგალითად, ჰიპოკრატე არაერთხელ მოიხსენიებდა თავის წიგნში მკურნალობის ორ მეთოდს: ,,მსგავსით" და ,,საწინაამღდეგოთი".

ბეტარდინგი წერდა რომ სინამაქის ფოთოლი მკურნალობს მუცლის ჭვალს, იმიტომ, რომ იწვევს მას ჯანმრთელებში. სხვა ავტორი, ბულდუკი, ამბობდა ბევრად ადრე ჰანემანამდე, რომ რევანდი მკურნალობს ფაღარათს თავისი გამხსნელი თვისებების გამო. სტალი აღნიშნავდა: ,,მცდარია მედიცინაში დამკვიდრებული საწინაამღდეგოთი მკურნალობის წესი. დაავადებები ქრებიან იმ წამლებით, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მსგავსი დაზიანება".

XVII საუკუნის გამოჩენილი ექიმი პარაცელსი, არა მარტო ხვდებოდა მსგავსების კანონის არსებობას, არამედ პრაქტიკულად ეყრდნობოდა, ფართოდ იყენებდა მას ბევრი, განსაკუთრებით კი შხამიანი წამლების გამოყენებისას. მას ეკუთვნის გამონათქვამები: ,,ყოველი შხამი ერთდროულად წამალია", ,,რასაც წამლავს შხამი, იგივეს მკურნალობს მცირე დოზით გამოყენებისას", ,,დაავადების დასახელება არაა ჩვენება წამლისათვის, მსგავსი უნდა შედარდეს მსგავსთან და ეს მსგავსება ავლენს განკურნების საოცარ შესაძლებლობებს".