სამუელ ჰანემანი. ლეგუვეს მოგონებები

სამუელ ფრიდრიხ ჰანემანი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორია. მიახლოებით 1835 წელს მან დაიწყო რევოლუცია მედიცინაში, რომელიც ჩვენს დრომდე გრძელდება. მე არ განვიხილავ ჰომეოპათიურ სისტემას, ვაკეთებ მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებას.

შემთხვევა, რომლის გამოც ღმერთის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მაშინ მოხდა, როცა ჰანემანის სახელგანთქმულობა დიდებაში გადადიოდა. მეც რაღაცით ხელი შევუწყე ამას და მოთხრობა ჩვენი მჭიდრო ურთიერთობის შესახებ, დაგვეხმარება ამ არაჩვეულებრივი და უდიდესი ადამიანის პიროვნების შეცნობაში.

ჩემი ოთხი წლის გოგონა მომაკვდავი იყო, როდესაც საავადმყოფოს ექიმმა განმიცხადა, რომ მას აღარაფერი ეშველებოდა. მთელი ღამე არ გვეძინა არც მე და არც დედამისს. იქვე იმყოფებოდნენ შელშერი და გუბო. ისინიც იზიარებდნენ ჩვენს გულისტკივილს. ოთახში აგრეთვე იმყოფებოდა ახალგაზრდა მხატვარი – ამორ დიუვალი. იგი შელშერმა ბალზე მოძებნა და მოიყვანა, რათა აღებეჭდა ეს სამწუხარო სურათი და დაეტოვებინა ჩვენთვის, ვითარცა მოგონება ძვირფას, პატარა არსებაზე, რომელსაც უკვე დავტიროდით. მხატვარი ძალიან აღელვებული ჩანდა და მთელი ღამე თვალცრემლიანი ასრულებდა სამუშაოს. მან შექმნა შედევრი: პატარა გოგონა, წევს ბალიშზე, სახეს კი თეთრეულის ფერი ადევს, თვალები დახუჭული აქვს და ოდნავ სუნთქავს. დილით, როდესაც მან საქმე მოამთავრა მითხრა: ექიმებმა ხომ უარი თქვეს მის განკურნებაზე, რატომ არ მიმართავთ ახალ მედიცინას? რატომ არ დაპატიჟებთ ჰანემანს? – მართალია – დაიძახა გუბომ, ის ჩემი მეზობელია, ცხოვრობს მილანის ქუჩაზე, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მე არ ვიცნობ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მე მივდივარ! მოგიყვანთ მას!

მისაღებში გუბოს ოცამდე კაცი დახვდა. მას მოსამსახურემ აუხსნა, დალოდებოდა თავის რიგს. ,,დავიცადო?! ჩემი მეგობრის გოგონა კვდება. ექიმი უნდა წამომყვეს! მესმის რომ ბოლო ვარ, მაგრამ სახარება ამბობს: დაე იყოს პირველი, ვინც ბოლოა." შემდეგ მიმართა დამსწრეთ: ,,არ არის ასე ბატონებო?" არ დაელოდა პასუხს, გააღო კარი, შეწყვიტა ექიმის კონსულტაცია _ ,,ექიმო, მე ვიცი, ყველა წესს ვარღვევ, პატარა გოგონა იღუპება და გთხოვთ დაუყოვნებლივ გვესტუმროთ და დაგვეხმაროთ. დაუშვებელია, რომ ის დაიღუპოს, თქვენ მისი გადარჩენა შეგიძლიათ".

მართლაც, ჰანემანი ერთ საათში თავის მეუღლესთან ერთად პაციენტთან მობრძანდა. ამ არეულობისას, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მეჩვენებოდა, რომ ოთახში შემოვიდა ფიგურა ჰოფმანის ფანტასტიკური ზღაპრებიდან. ეს იყო დაახლოებით 80 წლის, საშუალო სიმაღლის, მყარი, დაჯერებული სიარულით, უკან გადაწეული თეთრი, არაჩვეულებრივი თმებით. მას ავადმყოფის შესახებ უყვებოდნენ, იგი კი გოგონას თავის მახვილ მზერას არ აშორებდა.

უეცრად მას ლოყები დაუწითლდა, შუბლის ვენები დაუსივდა და მქუხარე ხმით განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გაგვეღო ფანჯარა და მაგიდაზე დაწყობილი ყველა წამალი გადაგვეყარა. გამოგვეტანა ოთახიდან საწოლი, გამოგვეცვალა ზეწრები და ბავშვისთვის მიგვეცა რაც შეიძლება მეტი წყალი. ჩვენ გვინდოდა შევკამათებოდით, რომ ტემპერატურის შეცვლა საშიშია, მან კი გვიპასუხა, ამ წამლების ატმოსფერო გოგონასათვის უფრო დამღუპველია, მიეცით რაც შეიძლება მეტი წყალი, წყალი, წყალი . . . ის დაბრუნდა იმავე საღამოს. ჰანემანი მოსვლისას კმაყოფილებით აღნიშნავდა _ ,,კიდევ ერთი დღე მოვუგეთ სიკვდილს". მეათე დღეს საშიშროებამ მიიღო უფრო სახიფათო სახე, სიცივე მუხლებამდე ავიდა. ექიმი მოვიდა საღამოს რვა საათზე, თხუთმეტი წუთი გაატარა ლოგინთან, ძალიან აღშფოთებული ჩანდა, შემდეგ რაღაც გადაულაპარაკა მეუღლეს, რომელიც ყოველთვის თან ახლდა და გვითხრა _ ,,მიეცით ეს წამალი და დააკვირდით – ერთ საათში პულსი უნდა გაძლიერდეს". თერთმეტ საათზე მართლაც ვიგრძენი მსუბუქად გაძლიერებული მაჯისცემა და დავუძახე გუბოს და შელშერს. ისინიც სინჯავდნენ პულსს ერთი მეორეს მიყოლებით და გარკვეული დროის შემდეგ დაადასტურეს, რომ ბავშვი უკეთ არის. ამ დროს შემოვიდა ქრისტიან ურანი და დიდი დარწმუნებით მითხრა: ,,ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო ჩემო ლეგუვე, თქვენი ქალიშვილი გადარჩენილია." მე ვუპასუხე – ის ცოტა უკეთ არის, მაგრამ გადარჩენაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ის დაჟინებით იმეორებდა, რომ გოგონა გადარჩენილია. მართლაც გავიდა რვა დღე და გოგონამ დაიწყო მოძლიერება და ის საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

ამ ამბავმა პარიზში დიდი აურზაური გამოიწვია. ვინაიდან მე არც ისე უცნობი პიროვნება ვიყავი ქალაქში. ყველა პატარა გოგონას აღდგომაზე ლაპარაკობდა. იყო დიდი კამათი. სამედიცინო ფენა საშინლად იყო აღშფოთებული. ერთ-ერთი ასეთი კამათისას. სამედიცინო კათედრაზე მე მოვისმინე ექიმ დეჟუის სიტყვები: ,,ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პატარა გოგონა არ დაიღუპა." უმრავლესობა იმეორებდა, რომ ბუნებამ მოარჩინა იგი და რომ ის ისედაც გადარჩებოდა. მე კი ვაცხადებდი: ,,რა ჩემი საქმეა, იყო ეს მიზეზი, თუ შემთხვევა, გადაარჩინა ის ჰანემანის ხელებმა თუ ის უბრალოდ მის ხელში გადარჩა. იყო ბავშვი დაკარგული, როცა ჰანემანი მოვიდა ჩემს სახლში? – დიახ! იყო განკურნებული როცა ის წავიდა? _ დიახ! მე კი მეტი არაფერი მინდა, რომ დავიმახსოვრო და შევინარჩუნო უდიდესი მადლიერება მისი სახელის მიმართ.

გავიდა დრო. ჩვენ დავუმეგობრდით სამუელ ჰანემანს, არაერთხელ დავრწმუნებულვარ: – მისი რელიგიური რწმენა არანაკლებ ძლიერი იყო, ვიდრე რწმენა მედიცინისა. ერთ-ერთ საღამოს მე ვაჩვენე მას ამორი დიუვალის მიერ იმ საშინელ დღეებში შესრულებული პორტრეტი, სადაც პატარა გოგო სულ ახლოს იყო სიკვდილთან. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან მოითხოვა კალამი და სურათს მიაწერა: ,,ღმერთმა შეიწყალა და გადაარჩინა იგი. სამუელ ჰანემანი."

სამუელ ჰანემანი თავის თავს უფლის ნების აღმსრულებლად თვლიდა.