სინუსიტები - (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ვითარდება მაშინ, როცა იმუნიტეტის დაქვეითების გამო ანთება ცხვირის ღრუში რთულდება და გადადის სახის ძვლოვან წიაღებში. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგ. ძვლოვანი წიაღები სახის არეში სიმეტრიულადაა განლაგებული ცხვირის გვერდით, თვალბუდის ქვემოთ (ჰაიმორის ღრუ) და შუბლის არეში, თვალბუდის ზემოთ (ფრონტალური წიაღები). ამის შესაბამისად ამ წიაღებში განვითარებულ ანთებას ეწოდება ჰაიმორიტი ან ფრონტიტი.
სინუსიტების დროს პაციენტს აწუხებს სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ყნოსვის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება. სინუსიტის დიაგნოზის დასმა ხდება ძირითადად რენტგენოლოგიური კვლევით. რენტგენოგრამაზე თვალნათლივ ჩანს ექსუდატი სინუსების ღრუში, როგორც გაჩრდილვა. თავიდან ანთება კატარულ ხასიათს ატარებს, რაც ტკივილით ვლინდება, შემდგომ სინუსებში ჩნდება ექსუდატი, რომელიც მოგვიანებით ჩირქოვან ხასიათს იძენს. სინუსიტები ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად, პერიოდული გამწვავებებით, განსაკუთრებით წელიწადის ცივ თვეებში. სინუსიტების მკურნალობა საკმაოდ პრობლემურია: წლების მანძილზე დაგროვებულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ადგილობრივი პროცედურები (სინუსური ღრუს გამორეცხვა), ჩასაწვეთებელი წვეთები, ფიზიოთერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია უმეტეს შემთხვევაში იძლევა დროებით გაუმჯობესებას და ბოლომდე მაინც ვერ ხსნის ამ პრობლემას.
სინუსიტების მკურნალობა ჰომეოპათიური საშუალებებით ბევრად უფრო ღრმა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, ვიდრე ადგილობრივი პროცედურები. ჰომეოპათიური წამლებით ხდება იმ დასუსტებული ადგილობრივი იმუნური რგილოს აღდგენა-გაძლირება, რამაც განაპირობა ანთებითი პროცესის ცხვირის ღრუდან წიაღებში გადანაცვლება. ჰომეოპათიური პრეპარატებიდან გამოიყენება: Belladonna, Bryonia, Kali bichromicum, Mercurius solubilis, Hepar sulphur, Hydrastis, Silicea, Sticta, Iodum, Cinnabaris და ა.შ.
მწვავე პერიოდში გამოიყენება მწვავე ფაზის პრეპარატები: Belladonna, Bryonia.
Belladonna – გამოიყენება, როცა შუბლის ან სახის არეში გვაქვს მფეთქავი ხასიათის ძლიერი ტკივილი, გაზრდილი მგრძნობელობა მცირე შერყევაზეც კი. სახე წითელი ფერისაა, ოფლიანია, არის სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, გაგნიერბული გუგები. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივეში. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.
Bryonia - გამოიყენება მაშინ, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის ან სახის არეში, რომელიც არის მჩხვლეტავი ან ზეწოლითი ხასიათის. იგი ძლიერდება მოძრაობისას, სიცივეში და სუსტდება სითბოში, ზეწოლით, თავის წაკვრით, მოსვენებისას. გამოიყენება C6 განზავება ხშირი მიღებით.
თუ გამოვიყენებთ ამ პრეპარატებს მწვავე ფაზაში, შესაძლებელია მოხდეს დაავადების კუპირება და იგი აღარ გართულდება. მიუხედავად ამისა, დაავადება ზოგჯერ მაინც რთულდება და გადადის ქვემწვავე სტადიაში. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერ დასუსტებულია - მაგ. გრიპის გადატანის შემდეგ. ქვემწვავე სტადიაში ხდება ექსუდატის წარმოქმნა სინუსების ღრუებში, რომლის შემადგენლობა მოგვიანებით ჩირქოვანი ხასიათის ხდება. ამ სტადიაში ვხმარობთ შემდეგ ჰომეოპათიურ საშუალებებს:
Hydrastis - ეფექტურია მაშინ, როცა სინუსების ღრუში წარმოქმნილი სეკრეტი ბლანტია და გაძნელებულია მისი ევაკუაცია სინუსებიდან, რაც იწვევს ყრუ ხასიათის ტკივილს სახის ან შუბლის არეში. გამონადენი ლორწოვანი ხასიათისაა, მოყვითალო ფერის. შეიძლება ლორწოში იყოს სისხლის მცირე რაოდენობაც. გაუარესება გვაქვს უმეტესად ღამის საათებში. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ ძლიერდება ანთებითი ექსუდატის ევაკუაცია ცინუსური წიაღებიდან და შესაბამისად მცირდება ტკივილიც. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა მარტო ეს პრეპარატი საკმარისი ყოფილა დაავადებისგან სრული განკურნისთვის.
Kali bichromicum - ასევე გამოიყენება ლორწოვანი გამონადენის არსებობისას, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება თხელი გამონადენის დროსაც. ამ პრეპარატისთვის დამახასიათებელია ტკივილი ცხვირის ფუძეში, თვალბუდეებს შორის, გაჭედვის და სიმშრალის შეგრძნება ცხვირის ლორწოვან გარსში, ქერქების წარმოქმნა ლორწოვანზე. გამონადენი ბლანტია, მოყვითალო ან მომწვანო ფერის. შეიძლება იყოს ყნოსვის დაქვეითებაც. არის ძლიერი ცემინება, სუნთქვის გაძნელება ლორწოვანი გარსების შეშუპების გამო. ზოგადი მდგომარეობა უარესდება სიცივის გავლენით, ზეწოლით, ხოლო უმჯობესდება ინგალაციით.
Cinnabaris - პრეპარატი გამოიყენება უპირატესად ფრონტიტის დროს, როცა გვაქვს ძლიერი ტკივილი შუბლის არეში, ცხვირის ფუძესთან ან თვალბუდის შიგნით, სახის ძვლებზე გავრცელებით. ცხვირიდან გამონადენი მძაფრი სუნისაა, ბლანტია. პირში აქვს უსიამოვნო გემო. მდგომარეობა უარესდება ღამის საათებში.
სინუსიტები უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული მიმდინარეობისაა. ვითარდება წლების მანძილზე და იძლევა რეციდივებს ზამთრის ცივ თვეებში. ექსუდატი ქრონიკული ფორმებისას ხშირად ჩირქოვანი ხდება. ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ უფრო ძლიერმოქმედ პრეპარატებს:
Hepar sulphur - ჩირქის გამწოვი ძლიერი პრეპარატია. ჩვენ მას ვხმარობთ დიდი სიფრთხილით ჩირქოვანი ჰაიმორიტის დროს, როცა ჩირქის ევაკუაცია წიაღებიდან გაძნელებულია მხოლოდ მაღალი განზავებებში – იშვიათი მიღებით.
Silicea– გამოიყენება ქრონიკული ჩირქოვანი სინუსიტებისას, როცა პაციენტის იმუნური სისტემა ძლიერ დაქვეითებულია არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. იგი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მცივანა, სუსტი აღნაგობის პაციენტებზე, სუსტი ფრჩხილებით და გაზრდილი ოფლიანობით.
თუ პაციენტს გადატანილი ჰაიმორიტის შემდეგ დიდხანს რჩება ნევრალგიური ხასიათის ტკივილები შუბლის ან სახის არეში, ჩვენ ვიყენებთ – Mezereum, Verbascum Cedron.
და ბოლოს, დავადების რემისიის ფაზაში ვიყენებთ კონსტიტუციურ პრეპარატებს, რომლის შერჩევა ხდება მხოლოდ ექიმ-ჰომეოპათის დახმარებით. კოსტიტუციური საშუალებები გაზრდიან თქვენს წინააღმდეგუნარიანობას ინფექციური დაავადებების მიმართ და გააძლიერებენ თქვენს იმუნურ სისტემას.