ჩვენს ცხოვრებაში ემოციური სტრესები ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია. შეუძლებელია მთელი ცხოვრება ისე განვლო, ერთხელ მაინც არ განიცადო ემოციური სტრესის ყველა საშინელება. ხშირად ადამიანებს წლები სჭირდებათ ხოლმე, რათა აღიდგინონ დაკარგული ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე. ყველა ემოცია ხომ მეტ - ნაკლებად აისახება ჩვენს გონებაში და მოგვიანებით იჩენას თავს უკვე ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებით. მაგ. მედიცინაში ცნობილია ე.წ. ,,სტრესით გამოწვეული კუჭის წყლული”. ყველა თქვენი ფიქრი და ემოცია, დადებითი თუ უარყოფითი, არამატერიალური სახით აირეკლება გონებაში და შემდეგ განხორციელებას ჰპოულობს (შეიძლება წლების შემდეგაც) თქვენს შინაგან ორგანოებში. ამიტომაა რომ, მსოფლიოს ყველა ფილოსოფიური მოძღვრება ასწავლის ადამიანს გააწონასწოროს თავისი გრძნობები, უფრო ხშირად განიცადოს დადებითი ემოციები, რადგან დადებითი ემოცია ჯანმრთელობის განუყრელი თანამგზავრია. ყველაზე ჯანმრთელია ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი.
ჩვენი ცხოვრება საქართველოში ბოლო წლებში სამწუხაროდ იქცა ნეგატიური მოვლენების ეპიცენტრად. თითქმის ყველა ოჯახში არის ემოციური მოშლილობის პრობლემა, რაც ვლინდება ნევროზით, შიშებით, უძილობით, ზოგჯერ დეპრესიით და ფსიქიური დარღვების სახით. ეს კი აუცილებლად იმოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საერთო დონეზეც, რადგან ჩვენს გარშემო შექმნილი უარყოფითი ველი გავლენას ახდენს არა მარტო ემოციურად ლაბილურ ადამიანებზე, არამედ ჯანმრთელებზეც. განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პატარა ბავშვები.
ჰომეოპათიაში მრავლადაა მოწოდებული პრეპარატები ემოციურ მოშლილობების სამკურნალოდ. სწორი წამლის შერჩევა ასეთ სიტუაციაში საკმაოდ რთულია და მოითხოვს ექიმ-ჰომეოპათის კვალიფიციურ დახმარებას. ამიტომ შემოვიფარგლებით რამოდენიმე, ყველაზე პოპულარული პრეპარატით.
Ignatia, Aconit, Nux vomica, Coffea, Chamomilla, Aurum.
ემოციური მოშლილობის სამკურნალოდ ზუსტად უნდა შეირჩეს კონსტიტუციური პრეპარატი, თანაც მაღალი პოტენციები და იშვიათი მიღებით.
Ignatia – ინიშნება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან: ეს შეიძლება იყოს განშორება შეყვარებულთან, მეგობართან, ან ახლობლის გარდაცვალება. ასეთი ტიპის სტრესები ზოგიერთ ადამიანში იწვევს ნევროზის ისეთ ფორმას, რომელიც ვლინდება მომატებული ემოციურობით, რაც ხშირად ტირილში და მელანქოლიურ განწყობაში ჰპოვებს გამოხატულებას, ყელში სპაზმით, ბურთის შეგრძნებით, სიგარეტის ბოლის აუტანლობით. თუ თქვენ ახლობელ ადამიანთან განშორების შემდეგ გაგინვითარდათ ასეთი ემოციური ნიშნები, რასაც თან შემდგომში მოჰყვა ან შეკრულობა, ან კუჭის ტკივილი ან სხვა რაიმე ჩივილი, ყველა ამ შემთხვევაში ეფექტური იქნება Ignatia.
Aconit – აკონიტი არის შიშის პრეპარატი, წარსულში ოდესმე გადატანილი ძლიერი შიში, ან უბედური შემთხვევა წლების მანძილზე ტოვებს კვალს ფსიქიკაში, რაც შემდგომ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში ეფექტური იქნება Aconit 200 პოტენციის ერთჯერადი დოზაც კი. Aconit გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ გაწუხებთ შიშები, რომელიც უფრო საღამოს საათებში იწყება, და პანიკურ ელფერს ატარებს. სახე ამ დროს ხან წამოწითლებულია, ხან კი გაფითრებული, თვალები გაფართოებული. შიშებიდან განსაკუთრებით გამოხატულია სიკვდილის შიში. ხშირად კი შიშები აბსოლუტურად გაურკვეველია. Aconit – ეფექტურია ყველა იმ დაავადების დროსაც, რომელსაც თან ახლავს მოუსვენრობა და სიკვდილის შიში (მაგ. ინფარქტის ან სტენოკარდიის შეტევა). პაციენტები ხშირად წინასწარმეტყველებენ თავისი სიკვდილის დღეს. ძილი მოუსვენარია, ტრიალებენ ლოგინში და ეღვიძებათ იმ შიშით, რომ მალე მოკვდებიან.
Nux vomica – ამ პრეპარატის სიტუაცია, შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როცა ადამიანი ძლიერ გადატვირთულია საქმით, დილიდან საღამომდე უწევს დაძაბული შრომა, ხშირად მთელი დღის განმავლობაში საჭმლის ჭამასაც ვერ ახერხებს და მერე საღამოს ძილის წინ ღებულობს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც მთელი ღამე დისკომფორტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ქრონიკული გადაღლის პრეპარატია. თანდათანობით ასეთი დაძაბული შრომის შედეგად ადამიანი ხდება გაღიზიანებული, ვერ ითოკავს ნერვებს, ყვირის, ჩხუბობს, უხეშობს, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. მოშლილი აქვს ძილი – გამთენიისას ეღვიძება და მერე უჭირს დაძინება. ზოგჯერ ხმარობს გინებასაც. ასეთი ნერვული გადაძაბვა აისახება მის კუჭ-ნაწლავზეც –აწუხებს ტენეზმები.
Coffea – გახლავთ ჰომეოპათიურ დოზაში გადაყვანილი ყავა და იგი გამოგვადგება მაშინ, როცა საქმე გვაქვს უძილობასთან, ემოციურ ლაბილობასთან, აღგზნებასთან. ალბათ ყველას განუცდია ყავის ჭარბი რაოდენობით მიღების შედეგად განვითარებული მდგომარეობა - აგზნება, რომელიც დაძინების საშუალებას არ გვაძლევს მთელი ღამე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჰომეოპათიურ დოზებში ყავა მკურნალობს სწორედ ასეთ სიტუაციას: როცა ვგებულობთ რაიმე ახალ ამბავს (სასიხარულოს ან სამწუხაროს), და ემოციური აგზნების გამო მთელი ღამე არ გვეძინება. Coffea – ს ტიპის ადამიანს ტვინში უამრავი აზრი უტრიალებს, პრაქტიკულად ვერასოდესაა მოსვენებული, მოდუნებული.
Chamomilla – ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტი გაღიზიანებულია, აგზნებულია, აქვს უძილობა და ამას ყველაფერს თან ახლავს ,,ხულიგნური" მანერები – პაციენტი ჩხუბობს, ხმარობს ,,მაგარ" სიტყვებს, ანჩხლობს, უყვარს გინება. იგი მცირე ტკივილისადმიც კი ზემგრძნობიარეა და - ,,აკლებული" ჰყავს გარშემო ყველა. ეს ადამიანი ვერ იტანს შეხებას, ხმაურს, ორგანული პათოლოგია თავს იჩენს უფრო გადატანილი ემოციური აფეთქების მერე. ბავშვებში Chamomilla – ს ტიპი საოცრად აღგზნებულია, სულ ტირის, განსაკუთრებით აუტანელი სიტუაცია იქმნება კბილების ამოსვლისას ან ყურის ტკივილისას. ამ ტიპის გამოსაცნობი სიმპტომია ის, რომ ბავშვი მუდმივად ითხოვს ხელში აყვანას. ჩვენ გვქონდა ერთი საინტერესო შემთხვევა: 5 თვის ბავშვს აღენიშნებოდა უძილობა დღის განმავლობაში, მაშინ როცა ღამე ნორმალურად ეძინა. ბავშვი იყო საოცრად გაღიზიანებული, ითხოვდა მუდმივ ყურადღებას და ხელით ტარებას. დედა და ბებია (პროფესიით ექიმი) სახლში საოჯახო საქმეს პრაქტიკულად ვერ აკეთებდნენ. ბავშვი ჰყავდათ სამკურნალოდ თითქმის ყველა ცნობილ ნევროპათოლოგთან, მაგრამ რაიმე ორგანული პათოლოგიას ვერ აღმოაჩინეს. Chamomilla - ს ერთმა მიღებამ ნამდვილი სასწაული მოახდინა: როცა მეორე დღეს ბავშვის სანახავად მივედი, ოჯახში კომიკური სიტუაცია დამხვდა: მთელი ოჯახი გამალებულად ალაგებდა სახლს (მანამდე ეს წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან მთელი დრო ბავშვის ხელში ტარებას მიჰქონდა). ოთახებში ერთი ბრახაბრუხი და წრიალი სუფევდა, ბავშვს კი მშვიდად ეძინა თავის საწოლში უკვე სამი საათი და ცოტა არ იყოს, ოჯახის წევრები შეშინებული იყვნენ, ამდენი ხანი რატომ სძინავსო.
Opium - იხმარება იმ შემთხვევაში, როცა უეცარმა შიშმა ადამიანის ფსიქიკაში დატოვა ღრმა კვალი. თუ გადატანილი სტრესის მერე ადამიანი ხდება არაბუნებრივად ,,მშვიდი”, ჩაფიქრებული, თითქოს შოკშიაო და დაშტერებული გამოხედვა აქვს, სტოვებს ნახევრად მძინარე ადამიანის შთაბეჭდილებას თუ გადატანილი შიშის შემდეგ განვითარდა სხვადასხვა დაავადებები – გულყრა, ნევროზი – ან სხვა პათოლოგია, ყველა ამ სიტუაციაში გამოგვადგება Opium. Opium – იხმარება მაშინაც კი, როცა პაციენტები ნებისმიერი სხვა რაიმე დაავადების დაწყებას უკავშირებენ სწორედ შორეულ წარსულში გადატანილ შიშს. მაგ.: თუ პაციენტს შეკრულობა დაეწყო ბავშვობიდან - გადატანილი შიშის მერე, ამ სიტუაციაში საუკეთესო იქნება Opium- ის ერთი დოზა.
Aurum metalicum – დეპრესიის პრეპარატია და იგი გამოგვადგება დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანების სამკურნალოდ. ხშირად დეპრესიას იწვევს გარშემო სიტუაციაც, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა ადამიანს აკლია გარშემომყოფთა დაფასება. მაგ.: შეიძლება წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა პაციენტი ადრე იყო თანამდებობის პირი, ჰქონდა ყველაფერი – პატივისცემა, ფული, დაფასება და უცებ რაღაცის გამო (მაგ. იგი დარჩა უმუშევარი) ეს ყველაფერი დაკარგა. ზოგიერთი ადამიანი ასეთ სიტუაციაში ვვარდება ღრმა დეპრესიაში, ფიქრობს თვითმკვლელობაზე - ხშირად ირჩევს ფანჯრიდან გადახტომას. სწორედ ასეთ სიტუაციაში გამოგვადგება Aurum metalicum. ბუნებრივია, რომ ასეთი პაციენტები პატივმოყვარენი არიან და მუდმივად ცდილობენ თავისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილემას, უყვართ როცა გრძნობენ, რომ საჭირონი არიან გარშემომყოფთათვის, ბუნებით გულუხვნი არიან უფრო იმისათვის, რომ ვინმემ შეაქოს, მათთვის მნიშვნელოვანია სხვების აზრი მათ შესახებ. ისინი ვერ იტანენ შენიშვნებს და ყველაფერს იმას რაც შელახავს მათ თავმოყვარეობას. ასეთ პაციენტებს შინაგანი ორგანოების მხრივ ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ათეროსკლეროზი, აქვთ მწვავე ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიკური ნიშნები - პლეთორიული სახე, საფეთქლის და საძილე არტერიების პულსაცია, ცერებრალური ჰემორაგიებისა და ინფარქტის მიმართ მიდრეკილება. Aurum გარეგნულად შეიძლება იყოს მკვრივი, მძიმე, სქელი კისრით, შავგვრემანი ადამიანი, მოღუშული და დეპრესიული, ან მოუსვენარი, აგზნებული, ტემპერამენტული და ფეთქებადი, გონება ყოველთვის გადატვირთული აქვთ მომავალზე ფიქრით. Aurum –ის ტიპის ქალებს შეიძლება განუვითარდეთ საშვილოსნოს ფიბრომა. Aurum –ის ტიპის ადამიანების ჩივილები უარესდება სიცივეში, უმოძრაოდ ყოფნისას და ღამე ხშირად აწუხებთ ცხელი ტალღის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. აქვთ ცივი კიდურები და ცხელი, ჰიპერემიული სახე. რძე, ყავა და ალკოჰოლი მათი საყვარელი სასმელებია, სამაგიეროდ ძალიან არ უყვართ მძიმე საკვები, განსაკუთრებით - ხორცი.
ჩვენს ცენტრში აპრობირებულია ჩვენს მიერ შექმნილი კომპლექსური პრეპარატი Melissa complex, რომლის შემადგენლობაშია კატაბალახა, ბარამბო და სხვა მცენარეული კომპონენტები დაბალ განზავებებში (D3 – D6). ამ პრეპარატის მიღება შეიძლება კონსტიტუციური პრეპარატების გვერდით, როგორც დამხმარე საშუალება საჭიროების შემთხვევაში. მაგ. უძილობისას ან ემოციური სტრესის დროს.