მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ე. რემი
ექიმი - ჰომეოპათი
ჰომეოპათიის ანბანი
მეხუთე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა
1973 წელი
„შტაუფენ - ფარმა გოპინგენ“
მეცნიერების განყოფილება
წინასიტყვაობა
როდესაც სახალხო უნივერსიტეტსა და ჰომეოპათიურ საზოგადოებებში პაციენტებთან და ექიმებთან ვკითხულობდი ლექციებს, აუდიტორია ხშირად მთხოვდა დამწყებთათვის შემედგინა ჰომეოპათიის რაიმე უბრალო და გასაგები სახელმძღვანელო. ამ მეთოდით დაინტერესებული ექიმები წუხილს გამოთქვამდნენ ასეთი სახელმძღვანელოს არარსებობის გამო. ანბანი, როგორც ცნობილია, წიგნია, რომლითაც იწყებენ კითხვას. ამიტომ ამ წიგნს „ჰომეოპათიის ანბანი“ ვუწოდეთ, ხოლო მას კი, ვინც უკვე აითვისა ეს ანბანი, შეუძლია წაიკითხოს უფრო რთული წიგნები.
ამ სახელმძღვანელოში სამკურნალო საშუალებები აღწერილია ანბანის მიხედვით. თითოეულ მათგანს, თუ გამოვიყენებთ დროულად და აზრიანად, აქვს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. ვიმეორებ: სამკურნალო საშუალებათა ეს აღწერა განკუთვნილია დამწყებთათვის. ვფიქრობ, შეცდომები არ არის დაშვებული. წინასწარ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ზოგიერთი მათგანი გამოვიდა გაწელილი, მაგრამ ეს გაკეთდა იმ მიზნით, რათა დავხმარებოდი დამწყებს შეექმნა წარმოსახვაში ჰომეოპათიური წამლის ნათელი, დასამახსოვრებელი სურათი. ისევე როგორც ცხვრის ფარა ჩვეულებრივ ადამიანს აღიქვამს როგორც ერთნაირი ცხვრების ერთობლიობას, ხოლო მწყემსი იოლად ანსხვავებს ამ ფარაში თითოეულ ცხვარს, ასევე სწავლება ჰომეოპათიურ საშუალებებზე წარმოუდგება დამწყებს ასეთივე ერთფეროვან მასად: ყველა ჰომეოპათიური საშუალება ეჩვენება იმდენად მსგავსად, რომ ერთმანეთისაგან ვერ არჩევს.
მხოლოდ თანდათანობით, დროთა განმავლობში შესძლებს ჰომეოპათი გამოარჩიოს ისინი საერთო მასიდან, მოიშველიებს რა წამლის ზოგიერთ დამახასიათებელ თვისებას.
მე მინდა დავეხმარო მკითხველს გახდეს ისეთი მწყემსი, რომელიც იცნობს თავის ცხვრებს და იცის თითოეულის ხასიათი. ამას რომ მივაღწიოთ, ამისათვის საჭიროა არა მარტო ჩემი, არამედ მკითხველის გულისხმევაც. იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ საერთო ენას.
ჰომეოპათიის ადგილი მედიცინაში
ჰომეოპათია მედიცინის ნაწილია. ჰომეოპათით შესაძლებელია მრავალი მწვავე და ქრონიკული დაავადების მკურნალობა, ე.ი. თერაპია, სულ არსებობს მკურნალობის ხუთი მეთოდი:
- ქირურგიული მკურნალობა (ე.ი მექანიკური ზემოქმედება დაავადებაზე).
- ნატურალური თერაპია – მკურნალობა ჰაერით, სინათლით (ფოტოთერაპია), წყლით (ჰიდროთერაპია), არომატებით (არომათერაპია) და მზით, ე.ი. ბუნებრივი გამაღიზიანებლებით, რომლებიც წარმოადგენენ ნატურალური თერაპიის საფუძველს. ეფექტი მიიღწევა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედების შედეგად.
- დიეტა. მისი საშუალებით ეფექტი მიიღწევა ნივთიერებათა ცვლაზე ზემოქმედების შედეგად.
- სულიერი ზემოქმედება.
- მედიკამენტოზური მკურნალობა.
მკურნალობის ეს გზები გამოიყენება ცალ-ცალკე ან ერთმანეთთან შერწყმულად. მათი არჩევანი განპირობებულია, ერთის მხრივ, ავადმყოფობის, ხოლო მეორეს მხრივ – ექიმის პიროვნებასა და მის ოსტატობაზე.
ერთი შეხედვით, ჰომეოპათია შეიძლება მივიჩნიოთ მეხუთე პუნქტში აღნიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილად, მაგრამ თუ თერაპიას განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც მკურნალობას, არამედ როგორც დაავადებისაგან სრულ განკურნებას, მაშინ აღმოჩნდება, რომ მედიკამენტოზური მკურნალობით მიღწეული შედეგების უმრავლესობა მიღწეულია სწორედ ჰომეოპათიური მეთოდით.
ჰომეოპათია - ეს არაა საშუალება ყველა ავადმყოფობისათვის. თუ ავადმყოფს აქვს ძვლის მოტეხილობა, ჰომეოპათი აუცილებლად გაგზავნის მას ქირურგთან, თუ თვალში უცხო სხეული აქვს - ოკულისტთან. ჩვეულებრივი ექიმისაგან ჰომეოპათი იმით განსხვავდება, რომ ქირურგისა და ოკულისტის ქმედებას ამატებს თავის საშუალებებს, ისეთებს, როგორიც გამოიყენება ტრამვის დროს რათა დააჩქაროს აღდგენითი პროცესები დაზიანებულ ქსოვილებში. (Symphtum, Arnica, Silicea და სხვ). თუ საჭირო იქნება, ჰომეოპათი დამატებით გამოიყენებს სხვა ბუნებრივ გამაღიზიანებლებსაც (წყალი, ჰაერი, მზე) და დიეტას. ჰანემანი ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიეტას, რომ მოშურნენი მისი თერაპიის წარმატებას მხოლოდ დიეტას მიაწერდნენ.
და ბოლოს, ყველა გონიერი ექიმი მკურნალობისას აუცილებლად იყენებს სულიერ ზემოქმედებას, ჩაუსახავს რა ავადმყოფს განკურნების იმედს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ექიმის პიროვნულ და ადამიანურ თვისებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰომეოპათია მეხუთე პუნქტს - მედიკამენტოზურ მკურნალობას განეკუთვნება, ჰომეოპათიასა და კლასიკური თერაპიის სხვა მეთოდებს შორის არსებობს მთელი რიგი არსებითი განსხვავებანი. ჰომეოპათია ხელმძღვანელობს შემდეგი წესით: „Similia Similibus curantur, ე.ი. „მსგავსი იკურნება მსგავსით“, ხოლო კლასიკური – თანამედროვე მედიცინა მოქმედებს პრინციპით – „მსგავსი იკურნება საპირისპიროთი“. ყველა ჰომეოპათიური საშუალება არაერთგზის შემოწმებულია.
ჰომეოპათიური პრეპარატების გამოცდა ხდება ჯანმრთელ ადამიანებზე და გამოცდის პროცესში ხდება წარმოქმნილი სიმპტომების აღწერა. და მხოლოდ ამის მერე გამოიყენება ეს ახალი პრეპარატი უკვე აღწერილი (მსგავსი) სიმპტომებით მოსულ ავადმყოფში. ყოველი ახალი ჰომეოპათიური წამლის გამოცდა ხდება ჯანმრთელი ადამიანების ჯგუფზე. მაგ. თუ გამოსაცდელების დიდ რაოდენობას რაიმე (მათთვის უცნობი) წამლისმიერი საშუალების მიღების შემდეგ აღენიშნებათ მშრალი სიცხის შეგრძნება, რომელსაც თან ახლავს სხეულის მოუსვენრობა და სულის აფორიაქება (ასეთი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, მაგალითად, აკონიტს) ე.ი. აკონიტი მსგავსების კანონის მიხედვით კურნავს იმ დაავადებებს, რომელთა დროსაც აწუხებთ მშრალი სიცხის შეგრძნება, სხეულის მოუსვენრობა და აფორიაქება.