ცდები ცხოველებზე, რომელთაც საუნივერსიტეტო მედიცინა ანიჭებს ასეთ დიდ მნიშვნელობას, ჰომეოპათიისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სამკურნალო ნივთიერებათა შერჩევა პაციენტებისათვის მეტწილად ხდება სულიერი სიმპტომებით, ხოლო ცხოველებზე ცდებისას ასეთი სიმპტომების გამოყოფა შეუძლებელია. კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც ბოლო ხანებში უფრო და უფრო ნაკლებ შესამჩნევი ხდება მდგომარეობს შემდეგში: ჰომეოპათია იყენებს „ძლიერ განზავებულ“ საშუალებებს. შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს საშუალებანი არა მხოლოდ განზავებულნი არიან, არამედ სხვანაირად მომზადებულნიც. ვიბრაციის, ნჯღრევის და სრესვის მეშვეობით, (რომლებიც დღესაც შეადგენს ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მომზადების წესს), მათში თავისუფლდება „ძალები”, რომელთა გამონთავისუფლება მხოლოდ უბრალო „განზავებით“ შეუძლებელია.
ქიმიური, მატერიალური საშუალებანი მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმის ქიმიურ, მატერიალურ ნაწილზე, მის სხეულზე. ის საშუალებანი კი, რომელთაც დაკარგეს თავიანთი მატერიალური ხასიათი (ნებისმიერ ჰომეოპათიურ წამალს 6 დოზიდან, პრაქტიკულად დაკარგული აქვს მატერიალური სუბსტანცია, შენარჩუნებული აქვს მხოლოდ ძალა), ზემოქმედებენ ორგანიზმის არა მატერიალურ ნაწილზე, სულზე, იმ ძალებზე, რომლებიც მართავენ მის სხეულსა და ნერვებს. ვინაიდან საუნივერსიტეტო მეცნიერება ძირითადად იკვლევს მატერიას, ჰომეოპათიას დღემდე არა აქვს მეცნიერული დასაბუთება. თუმცა, დიდი დრო არაა დარჩენილი იმ დრომდე, როდესაც ამ საქმეში მოხდება ძირეული შემობრუნება.
ჰომეოპათიას ხშირად საყვედურობენ, რომ ის, ვითომდა კურნავს მხოლოდ სიმპტომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სუბიექტურ სიმპტომებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაგრამ ისინი გვჭირდება როგორც ორიენტირი, რათა ავადმყოფს სწორად შეერჩეს ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
ჰომეოპათია მკურნალობს ავადმყოფს და არა დაავადებას, ან სიმპტომს. მკაფიო გამოხატულ „წამყვან“ სიმპტომს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა ამა თუ იმ სამკურნალო ნივთიერების შერჩევის დროს. მაგალითად, თუ ავადმყოფს სიმპტომები უძლიერდება ღამით, ეს ნიშნავს რომ სავარაუდოა მას ყველაზე მეტად მოუხდეს Lachesis, იმის მიუხედავად, თუ რა ავადმყოფობა აწუხებს მას. თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, სიმპტომთა ერთობლიობა გვაძლევს საშუალებას სწორად გამოვიცნოთ ავადმყოფობის ნიშან-თვისება, და არა თვით ავადმყოფობა, რომელზეც ჰანემანი ამბობდა, რომ ბოლომდე მისი შეცნობა შეუძლებელია.
უნივერსიტეტებში ჰომეოპათიას ასწავლიან ისევე იშვიათად, როგორც ფიტოთერაპიას, მინერალოთერაპია ან აკუპუნქტურას. ის ჯერ კიდევ იმყოფება ოპოზიციაში, მაგრამ თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს ბოლო წლების სამეცნიერო ცხოვრებას, შევამჩნევთ ჰომეოპათიური მიდგომის შეღწევას საუნივერსიტეტო მედიცინაშიც.
ჰომეოპათიური საშუალებანი აღებულნი არიან ფლორიდან, ფაუნიდან და მინერალური სამყაროდან. წამლების მოსამზადებლად უკეთესია ვიხმაროთ ველურად მზარდი მცენარეები, ვინაიდან მათი სამკურნალო პოტენციალი, უფრო მაღალია. ტილჭირი (აკონიტი) იზრდება მთებში, თოვლთან ახლოს და არსებობის ეს უჩვეულო პირობები აძლევს მას ძლიერ სამკურნალო ძალას. ასევეა მინერალებშიც - ბუნებრივ მინერალებს მეტი სამკურნალო თვისებები აქვთ, ვიდრე სინთეზურად მიღებულ ქიმიურ ნაერთებს, რადგან ერთ მინერალში ხშირად გვხვდება სხვა ელემენტების კვალიც. აქ წამყვანი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ენიჭება ელემენტების ბუნებრივ, ჰარმონიულ შერწყმას.